ამერიკელი კონგრესმენი, „მეგობარი აქტის“ თანაავტორი და „ჰელსინკის კომისიის“ თანათავმჯდომარე ჯო უილსონი აცხადებს, რომ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს სთხოვა, რომ სირიამ გაიწვიოს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარება. ჯო უილსონის შეფასებით, ეს მარტივი ნაბიჯი აჩვენებდა სირიის ახალი გზისადმი ერთგულებას. როგორც ის წერს, აღნიშნული შეხვედრა 2025 წლის თებერვალში შედგა.
აღსანიშნავია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, თინა ბოკუჩავა და პეტრე ცისკარიშვილი, მიხეილ სააკაშვილის უმცროს ვაჟთან, ნიკოლოზ სააკაშვილთან ერთად 16 მაისს ვაშინგტონში ჯო უილსონს შეხვდნენ, - როგორც პარტიაში აცხადებენ, აღნიშნულმა დელეგაციამ ამ თემაზე ჯო უილსონთან ისაუბრა. პარტიის პრესცენტრის ცნობით, „ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაციამ უილსონთან შეხვედრაზე „მწვავედ დააყენა საკითხი სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის – აღიარების შესახებ“.