საქართველო უქმე დღეების რაოდენობით მეზობელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა - Palitra News

საქართველო უქმე დღეების რაოდენობით მეზობელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა

2025-05-13 13:44:47+04:00

საქართველო უქმე დღეების რაოდენობით მეზობელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა. შრომის კოდექსი ქვეყანაში 18 უქმე დღეს ითვალისწინებს, ამაზე მეტი კი, კანონის მიხედვით სომხეთშია. მეზობელ ქვეყანაში წელიწადში 22 უქმე დღეა. აღსანიშნავია, რომ ჩვენთან, ასევე მეზობელ ქვეყნებში უქმე დღეები ემთხვევა საერო ან საეკლესიო დღესასწაულებს. საქართველოში კი უქმე 18 დღიდან 10 საეკლესიოა, 8 კი საერო. წელიწადში 52 კვირაა და შესაბამისად, ერთობლივად 104 შაბათ-კვირა. ჩვენი კანონმდებლობით კი, შაბათ-კვირა უქმე დღეებად ითვლება და ამ დროს სახელმწიფო დაწესებულებებისა თუ კომპანიების დიდი ნაწილი არ მუშაობს. თუ ამას საერო თუ საეკლესიო დღესასწაულებსაც მივუმატებთ, რომელიც ჯამში 18-ია, გამოდის, რომ საქართველოში დასაქმებულები 122 დღეს, ანუ წელიწადის მესამედს დასვენებაში ატარებენ.