ქართულ ბანკებში არარეზიდენტების დეპოზიტების 37% რუსეთის მოქალაქეებზე მოდის - Palitra News

ქართულ ბანკებში არარეზიდენტების დეპოზიტების 37% რუსეთის მოქალაქეებზე მოდის

2025-05-08 13:55:16+04:00

ქართულ ბანკებში არარეზიდენტების დეპოზიტების 37% რუსეთის მოქალაქეებზე მოდის. საქართველოს ეროვნული ბანკის გასული წლის ანგარიშის მიხედვით, 11%-იანი წილით მეორე ადგილზე ისრაელის მოქალაქეები არიან, ხოლო სამეულს 6%-ით უკრაინელები ხურავენ.

ეროვნული ბანკი აქვე აღნიშნავს, რომ ჯამურად არარეზიდენტების დეპოზიტები კვლავ დივერსიფიცირებულია, როგორც ქვეყნების, ისე დეპოზიტების ტიპების მიხედვით, რაც რისკიანობის კუთხით დადებითი ფაქტორია. ბანკი ასევე აღნიშნავს, რომ ამ ტიპის დაფინანსებაზე ჭარბი დამოკიდებულების პრევენციის მიზნით, ს ეროვნული ბანკი არარეზიდენტებისგან მოზიდული დეპოზიტებისთვის დამატებითი ლიკვიდობის მოთხოვნას ინარჩუნებს. ამავე ანგარიშის მიხედვით, არარეზიდენტი კლიენტების დეპოზიტების წილი მთლიან არასაბანკო დეპოზიტებში გასული წლის განმავლობაში 0.4%-ით გაიზარდა და დეკემბრის ბოლოსთვის 18.3% შეადგინა. საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, ჯამურად, 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ქართულ ბანკებში სულ განთავსებული იყო დაახლოებით 58 მილიარდ 258 მილიონი ლარის დეპოზიტები, აქედან არარეზიდენტებზე მოდიოდა 10 მილიარდ 661 მილიონი ლარის ანაბარი. თუ გავითვალისწინებთ არარეზიდენტებში რუსეთის მოქალაქეების 37%-იან წილს, გამოდის, რომ 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით რუსები ქართულ ბანკებში დაახლოებით 4 მლრდ ლარს ინახავდნენ