აშშ-ის კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა და ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო „მეგობარი აქტი“ - Palitra News

აშშ-ის კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა და ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო „მეგობარი აქტი“

2025-05-06 13:51:59+04:00

აშშ-ის კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა და ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო „მეგობარი აქტი“ - „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების მობილიზებისა და გაძლიერების აქტი“. საქართველოსთან დაკავშირებულ კანონპროექტს, რომელიც სანქციების დაწესებას ითვალისწინებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისათვის, მხარი დაუჭირა ჯამში 349-მა კონგრესმენმა, რაც კანონპროექტის 80%-იანი მხარდაჭერაა. წინააღმდეგ 42 კონგრესმენი წავიდა, 42-ს კი ხმა საერთოდ არ მიუცია. „მეგობარი აქტის“ ფორმალური დასახელება ასეთია: „საქართველოში ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანის რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის გავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად“. ანალოგიური შინაარსის „მეგობარი აქტი“ წარდგენილია სენატშიც - ასევე ორპარტიული მხარდაჭერით. მეგობარი აქტი ერთის მხრივ ითვალისწინებს დემოკრატიულ უკუსვლასა და რუსეთის, ჩინეთისა და ირანის ინტერესების გატარებაზე პასუხისმგებელი პირების სანქცირებას, მეორე მხრივ კი, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის კორექტირების შემთხვევაში, აშშ-ის მჭიდრო თანამშრომლობის პირობას დებს. წარმომადგენელთა პალატის შემდეგ, ჯერი კონგრესის ზედა პალატაზეა. სანამ კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტ დონალდ ტრამპამპს გადაეგზავნება, სენატმაც უნდა დაამტკიცოს. მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტი ძალაში შესვლის შემდეგ სანქციებს დაუწესებს ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლებს საქართველოს სუვერენიტეტისა და პროდასავლური ტრაექტორიის შელახვის გამო, ასევე, გადახედავს ორმხრივ ურთიერთობებს, მათ შორის დახმარების პროგრამებს და მოითხოვს ანგარიშის მომზადებას, რომელიც შეისწავლის რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ქმედებებს საქართველოში