რომის ეპისკოპოსი, კათოლიკური ეკლესიისა და ვატიკანის სუვერენული სახელმწიფოს მეთაური, დასავლეთის პატრიარქი, დიდი პონტიფიკოსი - სწორედ ამ ტიტულებს ფლობდა პაპი ფრანცისკე, რომელიც 2013 წლიდან ხელმძღვანელობდა წმინდა საყდარს, 21 აპრილს კი, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა - Palitra News

რომის ეპისკოპოსი, კათოლიკური ეკლესიისა და ვატიკანის სუვერენული სახელმწიფოს მეთაური, დასავლეთის პატრიარქი, დიდი პონტიფიკოსი - სწორედ ამ ტიტულებს ფლობდა პაპი ფრანცისკე, რომელიც 2013 წლიდან ხელმძღვანელობდა წმინდა საყდარს, 21 აპრილს კი, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

2025-05-01 09:51:01+04:00

* რომის პაპი ფრანცისკე -

რომის ეპისკოპოსი, კათოლიკური ეკლესიისა და ვატიკანის სუვერენული სახელმწიფოს მეთაური, დასავლეთის პატრიარქი, დიდი პონტიფიკოსი - სწორედ ამ ტიტულებს ფლობდა პაპი ფრანცისკე, რომელიც 2013 წლიდან ხელმძღვანელობდა წმინდა საყდარს, 21 აპრილს კი, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ კათოლიკური სამყაროს ხელმძღვანელობა ფრანცისკემ წინამორბედის - პაპის ბენედიქტე XVI-გან გადაიბარა, რომელმაც 2013 წლის 28 თებერვალს ყველასთვის მოულოდნელად თქვა უარი უფლებამოსილებაზე, რაც მეტად არაორდინალურ გადაწყვეტილებად იქცა ვატიკანში, რადგან მესამე პაპი აღმოჩნდა, ვინც საკუთარი ნებით გადადგა თანამდებობიდან. მეტიც, 2022 წლის 31 დეკემბრამდე, ბენედიქტე XVI-ის გარდაცვალებამდე, ვატიკანში ერთდროულად ორი პაპი ცხოვრობდა, ამასთანავე, მოქმედი პაპი ფრანცისკე პირველი გახდა ისტორიაში, ვინც გარდაცვლილი პაპის დაკრძალვას დაესწრო.

* * *

1920-იან წლებში, როცა ნაცისტური რეჟიმის ფონზე იტალიაში, ბენიტო მუსოლინიმ კოლონიალური ომი წამოიწყო და რეპრესიები გააძლიერა პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, მისი პოლიტიკით უკმაყოფილო იტალიელებმა ქვეყნის დატოვება და ბევრად მშვიდ სამხრეთ ამერიკაში გადაწყვიტეს ემიგრირება.

ერთ-ერთი, ვინც ცხოვრების თავიდან დაწყება გადაწყვიტა პიემონტელი ბუხჰალტერი ჟოზე მარიო ბერგოლიო იყო, რომელიც არგენტინაში, ბუენოს-აირესში გადაბარგდა და რკინიგზაზე დაიწყო მუშაობა. სწორედ არგენტინაში, სადაც ყოველთვის მრავლად იყვნენ იტალიელი ემიგრანტები, გაიცნო ახალგაზრდა ჟოზემ რეჯინა სივორი, რომელიც თავდავიწყებით შეუყვარდა და მართალია, ვერც შემოსავლით დაიკვეხნიდა, ვერც პერსპექტიული მომავლით, მაგრამ მაინც სწრაფად შესთავაზა ცოლობა.

* * *

1936 წლის 17 დეკემბერს წყვილს პირველი შვილი ხორხე მარიო შეეძინა, რომელიც ხუთ და-ძმას შორის აღმოჩნდა უფროსი. საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ ხორხე მარიომ კოლეჯში ჩააბარა ქიმიკოსის პროფესიის მისაღებად, მერე კი, ლაბორატორიაში შეუდგა მუშაობას, სადაც საკვები პროდუქტის სტანდარტულ ნორმებთან შესაბამისობას აკონტროლებდა.

როგორც თავად პონტიფიკოსმა მოგვიანებით აღნიშნა ბიოგრაფებთან, ოჯახს, რომელშიც ოთხი ბავშვი იზრდებოდა, კატასტროფულად არ ჰყოფნიდა ფინანსები, ამიტომ მშობლების დახმარება გადაწყვიტა და დამატებითი შემოსავლის ძიებაში ხან მტვირთავად მუშაობდა, ხან დამლაგებლად. მართალია, ბერგოლიომ ღამის კლუბში, დაცვის თანამშრომლადაც სცადა მუშაობა, მაგრამ სწრაფად მიხვდა, რომ ვერასდროს შეძლებდა ძალადობას და ადამიანების იძულებას.

* * *

გარდამტეხი მომავალი პონტიფიკოსისთვის ის დღე აღმოჩნდა, როცა მეგობრებთან გეგმავდა შეხვედრას და ტრადიციული არგენტინული დღესასწაულის - გაზაფხულის დღის მათთან ერთად აღნიშვნას, თუმცა გზად ტაძარი შეხვდა და თვითონაც ვერ მიხვდა რატომ, მაგრამ სწორედ იქით გაუწია გულმა. მესის შემდეგ ხორხე მარიომ მღვდელთან მოინდომა გასაუბრება, რომელიც მისი გატაცებებით დაინტერესდა და როცა მიხვდა, რომ ახალგაზრდა სერიოზულად ინტერესდებოდა თეოლოგიის საკითხებით, სასულიერო განათლების მიღება შესთავაზა.

სემინარიაში სამწლიანი სწავლის შემდეგ, 1958 წლის 11 მარტს ხორხე მარიო იეზუიტთა ორდენს შეუერთდა, ორი წლის შემდეგ კი, ინიციაცია გაიარა და მორალური სიწმინდის, სიღარიბისა და მორჩილების აღთქმა დადო. სხვათა შორის, ფრანცისკე პირველი იეზუიტი პაპია ვატიკანის ისტორიაში.

1960 წელს ხორხე მარიომ წმინდა იოსების კოლეჯი დაამთავრა ბუენოს-აირესში, სან-მიგელის მასიმო სან-ხოსეს კოლეჯში კი, ლიცენზიანტის ხარისხი მიიღო ფილოსოფიაში, საიდანაც ჯერ სანტა-ფეს ლამაკულადის კოლეჯში გადაინაცვლა, მერე ბუენოს-აირესის სალვადორის უნივერსიტეტში გააგრძელა ლიტერატურის, ფსიქოლოგიის შესწავლა, ბოლოს კი, ისევ სან-მიგელის სემინარიაში დაბრუნდა ფილოსოფიისა და თეოლოგიის ფაკულტეტებზე.

* * *

აღსანიშნავია, რომ იეზუიტთა ორდენი ანუ "იესოს საზოგადოება", რომელიც რომაულ-კათოლიკური ეკლესიის ქრისტიანულ რელიგიურ ორდენს წარმოადგენს და უშუალოდ რომის პაპს ექვემდებარება, 1534 წელს დააფუძნა ესპანელმა კარისკაცმა იგნასიო ლოიოლამ, 1540 წელს კი, პაპმა პავლე III-მ დაამტკიცა.

საკუთარ მისიად იეზუიტები კათოლიკურ განმანათლებლობას და რომის პაპის ძალაუფლების განმტკიცებას მიიჩნევდნენ, ამიტომ საუკუნეების მანძილზე სარგებლობდნენ პრივილეგიებით და მნიშვნელოვნად გამოირჩეოდნენ სხვა რელიგიური ორდერებისგან. ამასთანავე, მეტწილად სწორედ იეზუიტები იყვნენ პირველი მისიონერები, რომელთაც სამხრეთ ამერიკის, აზიის ქვეყნებში იმოგზაურეს და ქრისტიანებად მოაქციეს კერპთაყვანისმცემლები.

* * *

1969 წლის 13 დეკემბერს არქიეპისკოპოსმა რამონ ხოსე კასტელიანომ ხორხე მარიო ბერად აღკვეცა, თუმცა მომავალმა პოტიფიკოსმა ჩათვალა, რომ საკმარისი განათლება არ ჰქონდა და სან-მიგელის სემინარიაში გააგრძელა სწავლა. აქვე დაიცვა თეოლოგიის პროფესორის ხარისხი, 1980 წელს კი, სემინარიის რექტორობა ჩაიბარა, რომელსაც 1986 წლამდე ხელმძღვანელობდა. სადოქტორო დისერტაცია ბერგოლიომ გერმანიაში დაიცვა, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი, კორდობის პროვინციალი ანუ სასულიერო ორდენის მთავარი გამგებელი გახდა.

1970-იან წლებში არგენტინაში პერონიზმი მეფობდა, რადგან ქვეყანას ჯერ ხუან პერონი მართავდა, 1974 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ კი, მისი მესამე ცოლი - ისაბელ მარია დე პერონი ჩაუდგა სათავეში, რომელიც ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა. პერონების მმართველობის პერიოდს პაპი ფრანცისკე ყოველთვის დადებითად ახასიათებდა და თბილად იხსენებდა, თუმცა 1976 წელს სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, როცა ძალაუფლება ხორხე ვიდელამ აიღო საკუთარ ხელში, კათოლიკური ეკლესიისთვის მეტად მძიმე პერიოდი დაიწყო.

სამხედროები ეჭვობდნენ, რომ სასულიერო პირები ფარულად უჭერდნენ მხარს ოპოზიციას, ამიტომ ორი იეზუიტი მოძღვარი - მამა ორლანდო იორიო და ფრანცისკო იალიჩა გაიტაცეს, რომლებიც მთელი ხუთი თვით დაატყვევეს და სასტიკად აწამეს. მართალია, 2005 წელს არასასიამოვნო ისტორია, კარდინალ ბერგოლიოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის მიზეზი გახდა, თითქოს დუმილითა და უმოქმედობით ის ხუნტას ბოროტმოქმედების თანამზრახველი იყო, თუმცა მტკიცებულებების არ არსებობის გამო, მომავალ პაპს ყველა ბრალდება მოეხსნა.

თავად პონტიფიკოსის განცხადებით, ის არასდროს მალავდა ნეგატიურ დამოკიდებულებას ხორხე ვიდელისა და მისი მემკვიდრის რობერტო ვიოლას მიმართ, თუმცა არც სამოქალაქო აქტივისტებთან აკავშირებდა განსაკუთრებული მეგობრობა. მეტიც, 1990-იანი წლების ბოლოს, ბუენოს-აირესის არქიეპისკოპოსად გახდომის შემდეგ ბერგოლიომ პრეზიდენტ ფერნანდო დე ლა რუიასაც კი უარი უთხრა შეხვედრისა და მოლაპარაკებაზე, რადგან ყოველთვის მკაცრად აკრიტიკებდა მის ეკონომიკურ პოლიტიკას, პრეზიდენტი ნესტორ კირშნერი კი, არქიეპისკოპოსს მთავარ პოლიტიკურ მტრად მოიხსენიებდა.

დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ხორხე მარიოს არგენტინის პრაქტიკულად ყველა პოლიტიკურ ლიდერთან კრისტინა კირშნერის ჩათვლით, რომელმაც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დაიკავა მისი პოსტი. თუმცა, 2013 წელს ვატიკანში ხანგრძლივი აუდიენციის შემდეგ დიპლომატიის საოცარი უნარის წყალობით ფრანცისკემ მაინც შეძლო კირშნერის ნდობისა და კეთილგანწყობის მოპოვება, ისე როგორც ხავიერ მილეისთან მოახერხა საერთო ენის გამონახვა, რომელმაც პონტიფიკოს სახელმწიფო ვიზიტით შესთავაზა სამშობლოს სტუმრობა.

* * *

კარდინალი, რომელიც რომის პაპის შემდეგ უმაღლეს სასულიერო პირად ითვლება კათოლიკურ ეკლესიაში, ბერგოლიო 2001 წლის 21 თებერვალს გახდა, როცა პაპა იოანე პავლე მეორემ რომის სან-რობერტო ბალარმინოს კარდინალ-პრესვიტერის ხარისხი მიანიჭა. სწორედ მაშინ ჩავიდა ხორხე მარიო პირველად იტალიაში და უმცროს დასთან ერთად მოინახულა მამის მშობლიური ქალაქი.

მართალია, 2000-იანი წლების დასაწყისში კარდინალის ვიზიტები რომში იშვიათი და ხანმოკლე იყო, მაგრამ მან მაინც სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. პრესა უცნაურ არგენტინელ არქიეპისკოპოსზე წერდა, რომელიც მოკრძალებულ ბინაში ცხოვრობდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობდა და საუზმესაც მოახლეების გარეშე, დამოუკიდებლად იმზადებდა.

2005 წელს ბერგოლიო, რომელმაც აქტიური მონაწილეობა მიიღო იოანე პავლე მეორის დაკრძალვის ცერემონიაში მის მემკვიდრედ და წმინდა საყდრის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად იქცა. მართალია, The Vatican Insider ამტკიცებდა, თითქოს ბერგოლიო სხვების ფონზე დაწინაურდა და მხოლოდ საბოლოო კენჭისყრის დროს დამარცხდა გერმანელ იოზეფ რატცინგერთან, შემდგომში ბენედიქტ XVI-სთან, რომელმაც 84 ხმა მიიღო 26-ის წინააღმდეგ, მაგრამ სინამდვილეში, კენჭისყრის შედეგები მხოლოდ მიახლოებითია, რადგან ამგვარი მონაცემები ყოველთვის გასაიდუმლოებული იყო, ამიტომ გადამოწმების საშუალება არავის ჰქონდა.

თუმცა, 2013 წლის მარტში, ბენედიქტ XVI-ის მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ კონკლავს დაუგეგმავი შეხვედრის მოწყობა აიძულა, რომელიც მხოლოდ რამდენიმე საათი გაგრძელდა, მეორე დღეს - 13 მარტს კი, საკვამურიდან ამოსულმა თეთრმა ბოლმა კათოლიკურ სამყაროს ახალი პაპის არჩევის შესახებ აუწყა, რომელმაც მე-13 საუკუნის მისიონერისა და ღვთისმეტყველის, წმინდა ფრანცისკე ასიზელის პატივსაცემად აირჩია სახელი. ტრადიციის თანახმად, 76 წლის პაპი იმავე დღეს გამოვიდა წმინდა პეტრეს ტაძრის აივანზე და მიესალმა მრევლს.

* * *

აღსანიშნავია, რომ 266-ე პაპი მართლაც უნიკალური ფიგურა იყო, რადგან არა მხოლოდ პირველი იეზუიტი და პირველი პონტიფიკოსი იყო დასავლეთ ნახევარსფეროდან, არამედ პირველი არაევროპელი პაპი, გრეგორი მესამის შემდეგ, რომელიც თანამედროვე სირიის ტერიტორიაზე დაიბადა.

პირველმა სწორედ მან მისცა ქალბატონებს წმინდა ტექსტების წაკითხის, საკურთხეველთან მსახურების და ეპისკოპოსთა კათოლიკურ სინოდებში ხმის მიცემის უფლება. ამასთანავე, ფრანცისკემ, რომელიც საფეხბურთო კლუბის, არგენტინული სან-ლორენსის მოქმედი წევრი იყო, პირველმა შექმნა საკუთარი ექაუნტი Х-ში, Instagram-ში და პირველმა დაუშვა ვატიკანის ფინანსური აუდიტი, რისთვისაც მეტად ავტორიტეტული კომპანია Price waterhouseCoopers მიიწვია.

ერთი შეხედვით ლოიალურობის მიუხედავად, პაპი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა სქესის შეცვლას და აბორტებს, ევთანაზიასა და სიკვდილით დასჯას, თუმცა ზოგიერთი წინამორბედისგან განსხვავებით, ნაკლებად საგანგაშოდ მიიჩნევდა სექსუალურ უმცირესობათა წარმომადგენელთა მონაწილეობას საეკლესიო ცხოვრებაში. "თუ ადამიანები ღმერთისკენ ისწრაფვიან, განა აქვს პაპს რაიმეს აკრძალვის უფლება?!" - სწორედ ასე ახსნა ფრანცისკემ საკუთარი დამოკიდებულება.

* * *

ფრანცისკეს ყოველთვის სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა, რადგან ჯერ კიდევ 21 წლისას, პნევმონიის დროს აღმოაჩნდა ფილტვში კისტა, რომელიც ფილტვის ნაწილთან ერთად ამოაჭრეს. განსაკუთრებულ გამოცდად პაპისთვის ცივი სეზონი იქცა, რადგან აცივებასთან ერთად მისი ჯანმრთელობაც მძიმდებოდა.

მძიმე შედეგით დასრულდა 9 თებერვლის გამოსვლაც, როცა იტალიის შეიარაღებული ძალების იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, პაპმა წმინდა პეტრეს მოედანზე დაიწყო ქადაგება, თუმცა ჰაერის უკმარისობის გამო გაუჭირდა საუბარი და ვერ შეძლო მისი დასრულება.14 თებერვალს ფრანცისკე ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მედიკოსებმა მწვავე რესპირატორული ინფექცია დაუდგინეს, თუმცა მარტის ბოლოს მოყოჩაღებული პაპი კლინიკიდან გაწერეს.

აპრილის დასაწყისში პონტიფიკოსმა საკუთარ რეზიდენციაში უმასპინძლა ბრიტანეთის მონარქს მეუღლესთან ერთად, 20 აპრილს, აღდგომის დღესასწაულზე კი, წმინდა პეტრეს ტაძრის აივნიდან მიულოცა მრევლს ბრწყინვალე დღესასწაული. მართალია, პრესის განცხადებით, პაპი საკმაოდ მხნედ გამოიყურებოდა, მისი ხმა კი, ჩვეულებრივზე ძლიერად ჟღერდა, რამაც მორწმუნეებს იმედი ჩაუსახა, მაგრამ მეორე დღეს Vatican News-მა სასწრაფო შეტყობინება გაავრცელა, რომლის თანახმად, 88 წლის პაპი ინსულტით გარდაიცვალა.