ქართულ კომერციულ ბანკებში 4 მილიარდზე მეტი რუსული რუბლი ინახება - Palitra News

ქართულ კომერციულ ბანკებში 4 მილიარდზე მეტი რუსული რუბლი ინახება

2025-04-29 13:43:41+04:00

ქართულ კომერციულ ბანკებში 4 მილიარდზე მეტი რუსული რუბლი ინახება. ამას მოწმობს საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკა. ამ წლის მარტის მდგომარეობით, რუბლში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა დაახლოებით 121 მილიონ ლარს შეადგენდა. ეს კი წინა თვესთან შედარებით თითქმის 138%-ით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 102%-ით მეტია. მთლიან დეპოზიტებში რუბლის წილი რა თქმა უნდა უმნიშვნელოა. 2025 წლის მარტის მდგომარეობით ის მთლიანი დეპოზიტების მხოლოდ 0.21%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ჯამურ მონაცემებს, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 2025 წლის მარტის ბოლოსათვის 58 მლრდ ლარზე მეტი შეადგინა. დეპოზიტების წლიური ზრდა გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 11.27% იყო. დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტი მიმდინარე წლის მარტის ბოლოსთვის სტაბილურად დაახლოებით 47 პროცენტის ფარგლებშია. რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთს, მარტში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.84% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.84% , ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.56% იყო. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში დოლარის წილი უპირატესია - 79.65% , ხოლო ევროს წილი თითქმის 19% შეადგენს.