რომში პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია - Palitra News

რომში პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია

2025-04-25 09:45:42+04:00

რომში პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. რომის საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომპანიის ცნობით, პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას, რომელიც შაბათს გაიმართება, 200 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრება. მათ შორის მსოფლიოს ლიდერები, კერძოდ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, სამეფო ოჯახის წარმომადგენლები ესპანეთიდან, შვედეთიდან და ბელგიიდან. რომის პოლიციის ცნობით, წმინდა პეტრეს მოედანზე დაახლოებით 2 000 ადგილობრივი პოლიციელი იქნება განთავსებული, რომლებსაც ეროვნული უსაფრთხოების ძალების ათასობით ოფიცერი შეუერთდება. როგორც „როიტერი“ წერს, პოლიციის ანონიმური წყაროს ინფორმაციით, უსაფრთხოების ზომები მოიცავს სნაიპერებსაც. შაბათს ვატიკანის ირგვლივ ქუჩები დახურული იქნება ნებისმიერი სახის ტრანსპორტისთვის. დაკრძალვის ცერემონია შაბათს, დილით, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად ვატიკანმა ინსულტი დაასახელა. ფრანცისკე იქნება პირველი პაპი საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, რომელსაც ვატიკანის გარეთ, სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ.