ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბინები - 10.9%-ით, ხოლო კერძო სახლები - 13.5%-ით არის გაძვირებული. საქსტატის მონაცემებით, წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 2.2 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 11.5 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
მათივე ცნობით, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 57.6 პროცენტით არის გაზრდილი. ინდექსის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების ბინების, ისე კერძო სახლების სეგმენტებს. ამ წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (2.2 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (1.8 პროცენტი). რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში 2024 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, როგორც უკვე გითხარით ბინებზე ფასი - 10.9 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე - 13.5 პროცენტით გაიზარდა.