ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არ იცვლება - Palitra News

ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არ იცვლება

2025-04-24 14:00:47+04:00

მართალია ხელისუფლება ხშირად ამაყობს იმით, რომ მათი მმართველობის პირობებში ქვეყანაში სიღარიბე შემცირდა, თუმცა ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არ იცვლება. ახლა შესაძლოა ვინმე ტერმინზე შემეკამათოს, რომ შემწეობის მიმღები პირი არ ნიშნავს ღარიბს, ან სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფს, მაგრამ რადგან ადამიანი სახელმწიფოს მინიმალური შემწეობის მიღების თხოვნით მიმართავს, ე.ი. თვლის რომ ღარიბია და მას დახმარება სჭირდება. როგორც სტატისტიკა ამბობს, ბოლო ერთ წელიწადში საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა გაიზარდა კიდეც, მთელი 7%-ით და 700 ათასს გადააჭარბა. იმ პირების რიცხვი კი, რომლებიც თვლიან, რომ ღარიბები არიან და სახელმწიფოსგან სოციალურ დახმარებას ითხოვენ 1 მილიონ 282 ათასზე მეტია. საქსტატის მონაცემებით, საქართველოში ამ დროისთვის 3 694 600 ადამიანი ცხოვრობს. შესაბამისად, ამ მონაცემების მიხედვით, გამოდის, რომ დღეისათვის საქართველოში თითქმის ყოველი მე-3 ადამიანი თავს ღარიბად თვლის, ყოველი მე-5 კი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა და სახელმწიფოს შემწეობას იღებს.