საქსტატი მიმდინარე წლის ვაჭრობის მაჩვენებლებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5 მილიარდ 618 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.1 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 1 მილიარდ 401 მილიონი დოლარი იყო და გაიზარდა 5.7 პროცენტით, ხოლო იმპორტმა 4 მილიარდ 217 მილიონი დოლარი შეადგინა, ამ შემთხვევაში ზრდა 20%-ზე მეტი იყო. ამასთან, 1-ელ კვარტალში, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2 მილიარდ 816 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 50.1 პროცენტია. უმსხვილესი საექსპორტო სამეული ჩვენი ქვეყნისთვის ყირგიზეთი, ყაზახეთი და აზერბაიჯანი არიან. რა თქმა უნდა საექსპორტო პროდუქტებში მსუბუქი ავტომობილები ლიდერობს, შემდეგ პოზიციებს იკავებს სპირტიანი სასმელები, ასევე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები. რაც შეეხება იმპორტს, სამეულში შედის აშშ, თურქეთი და რუსეთი. ისევე როგორც ექსპორტის, უფრო ზუსტად კი რეექსპორტის შემთხვევაში, იმპორტითაც ყველაზე დიდი რაოდენობით მსუბუქი ავტომობილები შემოგვყავს და შემდეგ აქედან გაგვყავს. ამ შემთხვევაში მეორე ადგილზე სასაქონლო პოზიციებიდან ხელოვნების ნიმუშები გავიდა, გასაგები მიზეზების გამო, ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები.