ვინ მიიღებს მონაწილეობას ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში და ვინ დარჩება საარჩევნო მარათონს მიღმა - არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას კატეგორიულად გამორიცხავენ. მათი განცხადებით, დღევანდელი საარჩევნო სისტემის პირობებში არჩევნებში ჩართვას აზრი არ აქვს. ამავდროულად, „კოალიცია ძლიერი საქართველო“ ემზადება ხელახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის. აღნიშნულ პოლიტიკურ გაერთიანებაში ამბობენ, რომ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე საუბარი ჯერ კიდევ ნაადრევი და არასერიოზულია. თავის მხრივ, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას განიხილავს. ექსპრემიერის პარტიაში ამბობენ, რომ ისინი ყველა სცენარისთვის მზად არიან.