ჩეხეთი რუსული ნავთობისგან დამოუკიდებელი გახდა - Palitra News

ჩეხეთი რუსული ნავთობისგან დამოუკიდებელი გახდა

2025-04-17 15:52:51+04:00

ჩეხეთის რესპუბლიკა, პირველად ისტორიაში, სრულიად დამოუკიდებელი გახდა რუსული ნავთობისგან, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს შესაძლებელი გახდა დასავლეთიდან მიმავალი TAL ნავთობსადენის სიმძლავრეების მოდერნიზაციის დასრულების შემდეგ.

„ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობის გზაზე“, - განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა.

მილსადენით მიწოდებული ნავთობის პირველი გაზრდილი მოცულობები ჩეხეთის რესპუბლიკის ცენტრალურ ნავთობსაცავში უკვე ჩავიდა.

ჩეხეთის რესპუბლიკას ამჟამად შეუძლია დასავლური მილსადენებიდან წელიწადში 8 მილიონ ტონამდე ნედლი ნავთობის გადატუმბვა, რაც სრულად დაფარავს ჩეხეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მოხმარებას.