პრინცი ჰარი - გასულ წელს ბრიტანეთის მონარქის ჩარლზ მესამის უმცროსმა შვილმა, "სასახლიდან გაქცეულმა" პრინცმა ჰარიმ 40 წლის იუბილე აღნიშნა. სამეფო ოჯახის წარმომადგენელმა, რომელმაც მეტწილად სკანდალებითა და ეპატაჟური ქცევით გაითქვა სახელი, 2020 წელს კიდევ ერთხელ გააკვირვა საზოგადოება, როცა საკუთარი ნებით თქვა უარი კუთვნილ პრივილეგიებზე და მეუღლესთან, მეგან მარკლთან ერთად გადაბარგდა ამერიკაში საცხოვრებლად.
სხვათა შორის, ბებიისგან დაბადების დღის საჩუქრად ჰარიმ 8,5 მილიონი დოლარი მიიღო. როგორც აღმოჩნდა, თავის დროზე ელისაბედ მეორემ სატრასტო ფონდი გახსნა ოჯახის ყველა წევრისთვის და მიუთითა, რომ სოლიდური კაპიტალის წილს ჰარი მხოლოდ 40 წლის შესრულების შემდეგ მიიღებდა.
* * *
მართალია, პრინცი ოფიციალურ დოკუმენტებშიც მარტივად, ჰარის სახელითაა მოხსენიებული, მაგრამ სინამდვილეში მას საკმაოდ გრძელი, ტიტულებით დატვირთული სახელი აქვს, რადგან სასექსის ჰერცოგი, დამბარტონის გრაფი და კილკინის ბარონი ჰენრი, ჩარლზ ალბერტ დევიდი ჰქვია. სხვათა შორის, facebook-გვერდზე, რომელსაც ჰარი საიდუმლოდ აწარმოებდა, "სპაიკ უელსის" ფსევდონიმით იყო დარეგისტრირებული. "სპაიკის" მეტსახელი, რაც ინგლისურად "ეკალს" ნიშნავს, პრინცმა ოჯახის წევრებისა და მეგობრების წყალობით შეიძინა თმის უჩვეულო ვარცხნილობის წყალობით.
პრინცი ჰარი 1984 წლის 15 სექტემბერს დაიბადა ლონდონის რაიონში პადინგტონში. სამეფო წარმომავლობის მიუხედავად ჰარის და მის უფროს ძმას უილიამს პრაქტიკულად ისეთივე ბავშვობა ჰქონდათ, როგორც სხვა ბრიტანელ ბავშვებს, რადგან დედა, პრინცესა დიანა ადრეული ასაკიდანვე ცდილობდა ეჩვენებინა ბიჭებისთვის როგორ ცხოვრობდნენ რიგითი ლონდონელები. მცირეწლოვან შვილებთან ერთად პრინცესა სისტემატურად მგზავრობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით, სტუმრობდა "მაკდონალდსს" და სხვების მსგავსად მოთმინებით იდგა ატრაქციონების რიგში "დისნეილენდში". ამასთანავე, ხშირად ატარებდა შვილებს უსახლკაროთა თავშესაფრებში, ბავშვთა სახლებსა და საავადმყოფოებში.
* * *
ჰარი 12 წლის იყო, როცა პრინცესა დიანა ავტოკატასტროფაში დაიღუპა. რა თქმა უნდა, დედის გარდაცვალება მოზარდმა მტკივნეულად გადაიტანა, თუმცა მხოლოდ 2017 წელს აღიარა, რომ დიდხანს მალავდა ფსიქოლოგიურ ტრავმას, რომელმაც აგრესიის, პანიკის შეტევები გამოიწვია და მხოლოდ სპეციალისტების დახმარებით შეძლო მათი დაძლევა. სხვათა შორის, სწორედ მაშინ გადაწყვიტა ჰარიმ ძმასთან და მის მეუღლესთან, ქეით მიდლტონთან ერთად ფონდის Heads Together დაარსება, რომელიც სხვადასხვა ფსიქიკური დაავადებებით დასნეულებულ ადამიანებს უწევს დახმარებას.
1997 წლის ნოემბერში, დედის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში, ჰარი მამასთან ერთად გაემგზავრა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც არა მხოლოდ საფარიში მიიღო მონაწილეობა, არამედ ნელსონ მანდელა და ჯგუფის Spice Girls-ის წევრებიც გაიცნო, რომლებიც მოგვიანებით საპატიო სტუმრების სტატუსით დაპატიჟა საკუთარ ქორწილში.
* * *
სოლიდურ კაპიტალთან ერთად, რომელიც მისივე განცხადებით, სამეფო ოჯახისგან ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვებაში დაეხმარა, ჰარიმ საქორწინო კაბაც მიიღო დედისგან მემკვიდრეობით, რომელიც ბრიტანელმა დიზაინერებმა ელისაბედ და დევიდ ემანუელებმა შექმნეს. გარდა ამისა, ჰარი დიანას უძვირფასესი საფირონის ბეჭდის მფლობელიც გახდა, თუმცა მოგვიანებით ძმას უსახსოვრა, რომელმაც სწორედ დედის ბეჭდით შესთავაზა ქეით მიდლტონს ცოლობა.
მე-18 დაბადების დღეზე ბებიისგან, ელისაბედ მეორისგან პრინცმა საკუთარი გერბი მიიღო საჩუქრად უამრავი სიმბოლოთი, რომელთა შორის ზღვის ნიჟარები - დედის წარმომავლობაზე, ლომები - ინგლისსა და შოტლანდიაზე მიანიშნებენ, მუსიკალური ინსტრუმენტი - არფა კი, ირლანდიას განასახიერებს.
* * *
2001 წელს პრინცმა ჩარლზმა სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა, რომ მისი 16 წლის ვაჟი ნარკოტიკებითა და ალკოჰოლით იყო გატაცებული. მზრუნველმა მამამ შვილი ერთი დღით ლონდონის სამხრეთში, Featherstone Lodge-ის სარეაბილიტაციო ცენტრში გაამგზავრა, სადაც მეტწილად ჰეროინზე დამოკიდებულები მკურნალობდნენ. ჩარლის მიზანი არა იმდენად შვილის მკურნალობა, რამდენადაც სურვილი იყო ეჩვენებინა, თუ რა მძიმე შედეგებით მთავრდება ნარკოტიკების მოხმარება. ჰარის "საიდუმლო ვიზიტის" შესახებ მხოლოდ მოგვიანებით გახდა ცნობილი, როცა თვითონ აღიარა, რამდენად შედეგიანი აღმოჩნდა სარეაბილიტაციო ცენტრში გატარებული დღე, რადგან სწორედ სხვების შემხედვარემ თქვა უარი ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ბოროტად გამოყენებაზე.
* * *
მართალია, პრინცი იტონის პრესტიჟულ კოლეჯში სწავლობდა, მაგრამ უფროსი ძმისგან განსხვავებით, არასდროს ითვლებოდა მონდომებულ სტუდენტად, მეტიც, სასწავლებელი ნაკლებად დამაკმაყოფილებელი ნიშნებით დაამთავრა, თუმცა ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდა სპორტულ აქტივობებში, ბრწყინვალედ თამაშობდა პოლოს და რაგბს.
2005 წელს სასწავლებლის დასრულების შემდეგ პრინცმა სანდჰერსტის სამხედრო აკადემიაში ჩააბარა, 44-კვირიანი კურსის გავლის შემდეგ კი, ოფიცრის რანგში დაიწყო სამხედრო კარიერა ბრიტანეთის არმიაში, 2008 წელს ლეიტენანტის წოდებამდე დაწინაურდა, საბოლოოდ კი, კაპიტნის წოდებით დაასრულა კარიერა.
მართალია, 2007 წელს ჰარის სამხედრო პოლკი ერაყში გაანაწილეს, მაგრამ შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით პრინცს კატეგორიულად აეკრძალა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა, რადგან არსებობდა სერიოზული საფრთხე, რომ სწორედ სამეფო ოჯახის წარმომადგენელი იქცეოდა მთავარ სამიზნედ, მის გამო კი, მთელი დანაყოფი იზარალებდა.
გარკვეული დისკომფორტის მიუხედავად, 2007 წლის დეკემბრის თვეში პრინცს მაინც მოუწია ავღანეთში სამხედრო სამსახურის გავლა და მართალია, მისი ადგილსამყოფელის გასაიდუმლოების შესახებ მედიასთან იქნა შეთანხმება მიღწეული, მაგრამ ერთი წლის შემდეგ საინფორმაციო სამსახურებმა პირობა დაარღვიეს და პრინცის ნაწილის დისლოკაციის ადგილი გაახმაურეს, რამაც ჰარის საბრძოლო მოქმედებების დატოვება აიძულა. თუმცა, 2012 წელს ისევ უკან დაბრუნდა და მთელი წელი იმსახურა ვერტმფრენის პილოტად. აღსანიშნავია, რომ ბიძის, იორკის ჰერცოგის ენდრიუს შემდეგ ჰარი სამეფო ოჯახის მეორე წარმომადგენელია, ვინც აქტიური მონაწილეობა მიიღო საბრძოლო მოქმედებებში.
* * *
დედის მსგავსად ჰარიც აქტიურადაა ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაში. 2007 წელს პრინცი ლესოტოში გაემგზავრა, სადაც შიდსით დაავადებული ბავშვებისთვის დააფუძნა საქველმოქმედო ორგანიზაცია Sentenable, რომელიც დედის ხსოვნას მიუძღვნა. მოგვიანებით პრინცის აფრიკულ მოგზაურობაზე დოკუმენტური ფილმი "მივიწყებული სამეფო: პრინცი ჰარი ლესოტოში" შეიქმნა, რომელმაც იმდენად ფართო რეზონანსი გამოიწვია, რომ ჰარის არა მხოლოდ აფრიკის კონტინენტზე მოუწია რამდენჯერმე გამგზავრება და სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობა, არამედ იძულებული გახდა თვითონაც გაეკეთებინა ტესტი აივ-ინფექციაზე.
2014 წელს პრინცმა საერთაშორისო სპორტული შეჯიბრება "დაუმორჩილებელთა თამაშები" დააფუძნა ომის ვეტერანებისა და ინვალიდებისთვის. პარაოლიმპიური თამაშების მსგავსად მისი ინიციატივით შექმნილმა შეჯიბრებამაც რამდენიმე დისციპლინა, მათ შორის კალათბურთი და ფრენბურთი, მძლეოსნობა და რაგბი გააერთიანა.
* * *
2005 წლის იანვრის თვეში პრესაში პაპარაცების მიერ გაკეთებული ფოტოები გავრცელდა კერძო წვეულებიდან, რომლებზეც ჰარი ნაცისტურ ფორმაში იყო გამოწყობილი. ფოტოებმა სათაურით "ჰარი - ნაცისტი" სერიოზული სკანდალი გამოიწვია. პრინცი არა მხოლოდ ანტიფაშისტურმა და ებრაულმა ორგანიზაციებმა, არამედ რიგითმა ბრიტანელებმაც მკაცრად გააკრიტიკეს, რამაც პრინცს სასწრაფოდ განცხადების გაკეთება და საზოგადოებისთვის ბოდიშის მოხდა აიძულა. მრავალი წლის შემდეგ, ბიოგრაფიულ წიგნში "სათადარიგო" პრინცმა კიდევ ერთხელ გაიხსენა უხერხული შემთხვევა და აღნიშნა, რომ გაუაზრებლად შეარჩია კოსტიუმი, ამიტომ ძალიან ნანობს საკუთარ უპასუხისმგებლო ქცევას.
პიკანტური ფოტოებით აჭრელდა ტაბლოიდები 2012 წლის აგვისტოშიც, როცა საზოგადოებამ შიშველი პრინცი იხილა. როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთ წვეულებაზე ლას-ვეგასში გვარიანად შეზარხოშებულმა ჰარიმ ტანსაცმლის გახდაზე მოაწყო თამაში და პირველს სწორედ მას მოუწია გახდა. მოგვიანებით, პრინცს ისევ განცხადების გაკეთება და საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოუწია.
* * *
2015 წელს პრინცმა მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნას მიეძღვნა. ფილმის მოქმედება 1823 წელს ვითარდება, როცა სპორტის ახალი სახეობა გამოიგონეს, ჰარი კი, მებაღის როლს ასრულებს, რომელიც სკეპტიკურად ადევნებს თვალს რაგბისტებს და ირონიით აღნიშნავს, რომ ბრიყვული თამაში ვერასდროს მოიპოვებს პოპულარობას.
2016 წელს ჰარი ძმასთან ერთად ეწვია საკულტო საგის "ვარსკვლავური ომების" გადაღების ადგილს. პრესაში გავრცელებული ფოტოების მიხედვით, სამეფო ოჯახის წარმომადგენლები კარგად გაერთნენ, რადგან ჯერ საინტერესო ექსკურსია მოაწყვეს, მერე საკულტო ლაზერული ხმლებით გამართეს ბრძოლა. მართალია, პროდიუსერების შეთავაზებით, ძმებმა ფილმში "ვარსკვლავური ომები: უკანასკნელი ჯედაი" მასიურ ეპიზოდშიც მიიღეს მონაწილეობა, მაგრამ მოგვიანებით სცენა მათი მონაწილეობით ფილმიდან ამოჭრეს.
* * *
მეგან მარკლთან ქორწინებამდე ჰარის ხანგრძლივი რომანი ჰქონდა ჩელსი დეივისთან, რომელიც კეიპტაუნში მოგზაურობისას გაიცნო. მუდმივი კონფლიქტების მიუხედავად, რომანი შვიდი წელი გაგრძელდა, თუმცა 2011 წელს წყვილმა საბოლოოდ გადაწყვიტა დაშორება. ჩელსისთან დაშორების შემდეგ ჰარიმ კრესიდა ბონასთან გააბა ურთიერთობა, თუმცა ახალგაზრდა ქალმა, რომელიც პრინცმა ბიძაშვილის წყალობით გაიცნო, მუდმივად პრესის ყურადღების ცენტრში ყოფნას, პაპარაცების დევნას ვეღარ გაუძლო და 2014 წელს სამუდამოდ დაემშვიდობა ჰარის.
მომავალი მეუღლე პოპულარული სერიალის "ფორს-მაჟორის" ვარსკვლავი მეგან მარკლი ჰარიმ 2016 წელს გაიცნო. მართალია, წყვილი მაქსიმალურად ცდილობდა ურთიერთობის გასაიდუმლოებას, მაგრამ ჟურნალისტებისგან დამალვა მაინც შეუძლებელი აღმოჩნდა, ამიტომ კენსინგტონის სასახლეს არა მხოლოდ ოფიციალური განცხადების გაკეთება და პრინცის რომანის დადასტურება, არამედ პრესაში გამოქვეყნებულ რასისტული გამონათქვამების გაკიცხვაც მოუწია.
* * *
ჰარისა და მეგანის ნიშნობის შესახებ 2017 წლის ნოემბერში გახდა ცნობილი. როგორც აღმოჩნდა, მარკლი მხოლოდ "ფორს-მაჟორის" მეშვიდე სეზონზე მუშაობის დასრულების შემდეგ დათანხმდა ნიშნობას და საზეიმო წვეულების მოწყობას. წყვილმა ერთი წლის შემდეგ - 2018 წლის მაისის თვეში იქორწინა, საზეიმო ცერემონია კი, უინძორის ციხესიმაგრეში, წმინდა გიორგის სამრეკლოში გაიმართა.
ოჯახის წევრებთან ერთი შეხედვით იდეალური ურთიერთობის მიუხედავად, 2020 წლის იანვარში ჰარიმ და მეგანმა ოფიციალურად განაცხადეს უარი სამეფო უფლებებსა და ვალდებულებებზე. შვილიშვილის საპასუხოდ განცხადება გააკეთა ელისაბედ მეორემაც, რომელმაც დაადასტურა, რომ ჰარი მეუღლესთან ერთად აღარც სამეფო ოჯახის ვალდებულებებს შეასრულებს, აღარც პრივილეგიებით ისარგებლებს. მართალია, მეუღლეებს "თქვენი უდიდებულესობით" მიმართვის უფლება ჩამოერთვათ, მაგრამ სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინას ტიტული მაინც შეუნარჩუნდათ.
* * *
დამოუკიდებლად ცხოვრება წყვილმა კალიფორნიაში, ქალაქ მონტესიტოში გადაწყვიტა, სადაც 14,65 მილიონ დოლარად შეიძინა სახლი და Netflix-თან გააფორმა კონტრაქტი რამდენიმე დოკუმენტური ფილმის გამოშვებაზე. მოგვიანებით, მეუღლეებმა სკანდალური ინტერვიუ ჩაწერეს ამერიკელ ტელეწამყვანთან ოპრა უინფრისთან და ღიად დაადანაშაულეს სამეფო ოჯახი რასიზმში. მეტიც, ჰარის განცხადებით, ურთიერთობა უფროს ძმასთან ჯერ კიდევ 2016 წელს დაეძაბა, როცა მან სწორედ კანის ფერის გამო დაიწუნა სარძლო. უხერხული ბრალდებებისა და განცხადებების მიუხედავად, უილიამმა თავშეკავება არჩია და უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე.
დღეს ყოფილი სამეფო წყვილი კალიფორნიაში ცხოვრობს, ორ შვილს - 6 წლის არჩი ჰარისონს და 4 წლის ლილბეტს ზრდის, რომელმაც დიდი ბებიის პატივსაცემად შეიძინა სახელი. მართალია, ჰარი საკმაოდ ხშირად სტუმრობს ბრიტანეთს და ოჯახის წევრებს, მაგრამ უთანხმოების დავიწყებას და სამშობლოში დაბრუნებას მაინც არ აპირებს.