დღეს საქართველომ მიიღო კანონი, რომელიც უფრო მეტად ზღუდავს სამოქალაქო სივრცეს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„დაჩქარებულად და კონსულტაციის გარეშე მიღებული, ის ბოლო დროის რეპრესიული კანონმდებლობის კიდევ ერთი დანამატია.
ეს ნაბიჯები ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსსა და ძირეულ დემოკრატიულ პრინციპებს”, - წერს კალასი.
ცნობისთვის, პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ამოქმედების შემდეგ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები გრანტს მთავრობის თანხმობის გარეშე ვეღარ გასცემენ. ამავე პროექტით, საერთაშორისო ორგანიზაციებს პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ ლექციის, სემინარის ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიების მოწყობა აეკრძალებათ.