დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას საჰაერო თავდაცვისა და საარტილერიო სისტემების შესაძენად გაყინული რუსული აქტივებიდან 752 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადასცა. - ეს დიდი ბრიტანეთის მიერ უკრაინისთვის სესხის ფარგლებში გადაცემული მეორე ტრანშია. პირველი ტრანში დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას 6 მარტს გადასცა, ხოლო დარჩენილი თანხების გადაცემა 2026 წელს იგეგმება. 2024 წელს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის ოდენობის კრედიტის გაცემაზე შეთანხმდნენ. “დიდი შვიდეულის“ ქვეყნები უკრაინას თანხებს ფორმალურად სესხის სახით გამოუყოფენ, თუმცა კრედიტის დაფარვა გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებით მოხდება.