რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინი თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მზაობაზე საუბრობს. რუსულ მედიასთან ინერვიუში მან განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა, წავიდეს იმდენად შორს, რამდენადაც ქართული მხარე მზად იქნება. მისი თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არა რუსეთის ხელისუფლებამ, არამედ სააკაშვილის რეჟიმმა შეწყვიტა „მას შემდეგ, რაც ამ რეჟიმმა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის, რუსი სამშვიდობოების და შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ აგრესიის განხორციელება სცადა“ და ახლა, საქართველოში, სააკაშვილის რეჟიმი ამის გამო ყველაზე მკაცრ კრიტიკას განიცდის. გალუზინის თქმით, გასული წლის შემოდგომაზე, საარჩევნო კამპანიის დროს, საქართველოს ხელმძღვანელობამ ძალიან „გონივრული განცხადებები გააკეთა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის ბოდიშის მოხდის აუცილებლობისა და შერიგების მიღწევის განზრახვის შესახებ“.