„როიტერის“ ინფორმაციით, ინდოეთსა და ნეპალში ძლიერი წვიმის შედეგად, სულ მცირე, 100 ადამიანი დაიღუპა. მედიის ცნობით, ძლიერი წვიმა ინდოეთსა და ნეპალში ოთხშაბათს დაიწყო. აღმოსავლეთით მდებარე შტატ ბიჰარში, სახელმწიფო კატასტროფების მართვის დეპარტამენტის განცხადებით, სულ მცირე, 64 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ინდოეთის ყველაზე მრავალრიცხოვან შტატში, უტარ-პრადეშში 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამასთან, ნეპალში ძლიერ წვიმას, სულ მცირე, რვა ადამიანი ემსხვერპლა. ინდოეთის მეტეოროლოგიური სამსახურის პროგნოზით, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ინდოეთში ძლიერი წვიმა ელჭექით და ძლიერი ქარი კვირამდე გაგრძელდება.