„გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის. უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება - თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება აკრძალული იქნება და პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს. პროექტის მიხედვით, მთავრობის მიერ გრანტის გაცემის თაობაზე თანხმობის გაცხადებისთვის 10-დღიანი ვადა განისაზღვრება. მთავრობის გადაწყვეტილების გასაჩივრება მის მოქმედებას არ გააჩერებს. ამავე პროექტით, აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს. აკრძალული გრანტის მიღება გამოიწვევს გრანტის მიმღების დაჯარიმებას აღნიშნული გრანტის ორმაგი ოდენობით. პარლამენტს დაჩქარებული წესით განსახილველად „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებებიც წარედგინა, რომლის ამოქმედების შედეგად, საერთაშორისო ორგანიზაციებს პოლიტიკურ პარტიებისთვის ლექციების, სემინარების და სხვა საჯარო ღონისძიებების მოწყობის შესაძლებლობა აღარ ექნებათ. ორივე პროექტის ავტორი და ინიციატორი ფრაქცია „ქართული ოცნებაა.