თბილისის საქალაქო სასამართლოში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის სასამართლო პროცესზე, მოსამართლემ სასამართლო დარბაზის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო. სხდომის დარბაზის შეცვლასთან დაკავშირებით შუამდგომლობა ადვოკატმა დააყენა და მიზეზად ბრალდებულების არასათანადო პირობებში ყოფნა დაასახელა. მისი თქმით, დარბაზში, ბრალდებულებთან ელექტროსადენიდან დენი გადადიოდა. დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.