სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი ხელმძღვანელის ანრი ოხანაშვილის მოადგილეების ვინაობა ცნობილია. ამ პოსტს ირაკლი ბერაია, გელა გელაძე და ლევან ხარანაული დაიკავებენ. საქართველოს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ახალი უფროსი დღეს პირადად წარუდგინა. რაც შეეხება სუსის ყოფილ უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს, პრემიერმა რამდენიმე დღის წინ ის რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტზე წარადგინა, თუმცა გუშინ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აღნიშნულ პოსტს ლილუაშვილის ნაცვლად კახაბერ გულედანი დაიკავებს. შეცვლილი გადაწყვეტილების მიზეზად კი პრემიერმა განმარტა, რომ სამთავრობო გუნდსა და სუსის ყოფილ უფროსს შორის გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება ვერ მოხდა.