აგრესორი ქვეყნის მორიგი თავდასხმა უკრაინას - რუსეთის სამხედრო ძალებმა ბალისტიკური რაკეტით უკრაინის ქალაქ კრივი რიჰს შეუტიეს, რასაც 18 ადამიანის, მათ შორის 9 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა, სულ მცირე, 60 ადამიანი. ოფიციალური პირების ინფორმაციით, თავდასხმა საცხოვრებელ რაიონზე განხორციელდა. შედეგად, ქალაქში რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა, დაზიანდა ოცამდე მრავალსართულიანი კორპუსი, 30-ზე მეტი ავტომობილი, საგანმანათლებლო დაწესებულებები და კვების ობიექტები. ერთ-ერთი რაკეტის დაცემის ადგილის სიახლოვეს საბავშვო მოედანი მდებარეობდა. შემთხვევას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც დაადასტურა, რომ გარდაცვლილთა შორის ბავშვებიც არიან. უკრაინული მედიის ცნობით, სამაშველო ოპერაცია გრძელდება, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. წინასწარი ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებებში 30-ზე მეტი ადამიანია გადაყვანილი, დაშავებულთა ნაწილი კი საოპერაციო განყოფილებაში იმყოფება.