„სოფლის ნობათის“ რძის ნიმუშებში აფლატოქსინების გამოვლენას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ეხმაურება. პაატა იმნაძის განცხადებით, აფლატოქსინების ის რაოდენობა, რაც „სოფლის ნობათის“ რძის ნიმუშებში გამოვლინდა, მწვავე მოწამვლას ვერ გამოიწვევს. როგორც იმნაძე განმარტავს, აფლატოქსინების მიღება ხანგრძლივი დროით და დიდი დოზით უნდა გაგრძელდეს, რომ ღვიძლის, ან სხვა, რაიმე უფრო მძიმე დაავადება გამოიწვიოს. სურსათის უვნებლობის ექსპერტები კი აცხადებენ, რომ სოფლის ნობათის რძის ნიმუშებში აღმოჩენილი აფლატოქსინების რაოდენობა ევროპულ სტანდარტს არ აკმაყოფილებს და დასაშვებ ზღვარს სცდება. სოფლის ნობათის რძის ნიმუშებში აფლატოქსინების გადაჭარბებული რაოდენობის აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გუშინ გაავრცელა. მათივე ცნობით, აღნიშნული პროდუქტის ბაზრიდან ამოღება და დალუქვა მიმდინარეობს.