დადგება თუ არა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი ევროკავშირის დღის წესრიგში - ეს კითხვა ჯერ-ჯერობით პასუხგაუცემელია, თუმცა მოწოდებით გამოდის ესტონეთი. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საკითხი მაგიდაზეა და პროცესის დაწყებას 15 წევრი ქვეყანა სჭირდება. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, ქართველი ხალხი მმართველი გუნდის ქმედებების გამო არ უნდა დაისაჯოს, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ დასავლელმა პარტნიორებმა უკიდურეს ზომებსაც მიმართონ. მმართველი გუნდი ბოლო რამდენიმე თვეა ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერების მიმართ კრიტიკას არ მალავს. უმრავლესობის წევრების შეფასებით, ესტონეთი ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის , ვისი პირადი ვიწრო პოლიტიკური ინტერესიც საქართველოზე იერიშია.