* ჯუზეპე ვერდი -
მართალია, სწრაფად ცვალებადი მოდის ფონზე მუდმივად ახალი მუსიკალური ტენდენციები იძენენ პოპულარობას, მაგრამ გენიალური იტალიელი კომპოზიტორის ჯუზეპე ვერდის შემოქმედება მაინც არ კარგავს აქტუალურობას. მეტიც, ვერდიმ 21-ე საუკუნეშიც შეინარჩუნა ყველაზე შესრულებადი საოპერო კომპოზიტორის სტატუსი, მისი "ტრავიატა" კი, დღესაც ყველაზე ხშირად დადგმულ ოპერად ითვლება.
მუსიკათმცოდნეების აზრით, ვერდის შემოქმედების წარმატება პირველ რიგში, მისმა მუსიკალურმა ენამ განსაზღვრა, რომელიც ადამიანის ენაზე ამეტყველდა და მთელი სიცხადით გადმოსცა მისი გრძნობები და ემოციები.
* * *
ჯუზეპე ფორტუნინო ფრანცესკო ვერდი 1813 წლის 10 ოქტომბერს დაიბადა პატარა სოფელ ლე რონკოლეში. მართალია, ვერდი ყოველთვის იტალიელ კომპოზიტორად და ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ ითვლებოდა, მაგრამ სოფელი, რომელშიც დაიბადა, სინამდვილეში საფრანგეთის პირველი იმპერიის ტერიტორიაზე მდებარეობდა.
საკუთარ მშობლებს ვერდი ღარიბ და გაუნათლებელ, საბრალო მშრომელებად ახასიათებდა, რადგან მამა ადგილობრივ ტრაქტირში მუშაობდა, დედა კი, მრეცხავი იყო, ამიტომ მომავალ კომპოზიტორს საკმაოდ მძიმე ბავშვობა ჰქონდა. ჯუზეპე ადრეული ასაკიდანვე სოფლის ეკლესიაში მსახურობდა, სადაც პასტორს მესის ჩატარებაში ეხმარებოდა.
ეკლესიაში მიიღო ვერდიმ დაწყებითი მუსიკალური განათლება და იქვე ისწავლა ორგანზე დაკვრა. ჯუზეპეს მუსიკით გატაცება მშობლებმაც მოიწონეს, რომელთაც მეტად უჩვეულო ინსტრუმენტი - სპინეტი აჩუქეს. მართალია, კლავესინის ერთგვარ ნაირსახეობად ქცეული ინსტრუმენტი მოძველებული და დაზიანებული იყო, მაგრამ ვერდიმ ისე შეიყვარა მშობლების ერთადერთი საჩუქარი, რომ სიცოცხლის ბოლომდე შეინახა.
* * *
1823 წელს ნიჭიერი მოზარდი შეძლებულმა ვაჭარმა და მელომანმა ანტონიო ბარეციმ შეამჩნია, რომელსაც გულწრფელად სჯეროდა, რომ ვერდი აუცილებლად ცნობილი კომპოზიტორი გახდებოდა, ამიტომ მთელი ცხოვრება ეხმარებოდა ფინანსურად და თვითონ უწევდა ორგანიზებას მის გამოსვლებს. სხვათა შორის, პირველი მუსიკალური ნაწარმოები ვერდიმ 15 წლის ასაკში შექმნა და მართალია, მოგვიანებით ოპერების ოსტატად იქცა, მაგრამ დებიუტისთვის მაინც სიმფონია აირჩია.
სწორედ ბარეცის რჩევით გადასახლდა 10 წლის ჯუზეპე მეზობელ ქალაქ ბუსეტოში, სადაც მისი ახალი, თუმცა მეტად რთული შემოქმედებითი ცხოვრება დაიწყო, რადგან ბუსეტოს მუსიკალურ სკოლაში სწავლის პარალელურად ყოველ კვირას მშობლიურ ლე რონკოლეში უწევდა დაბრუნება, სადაც მესის დროს უკრავდა ეკლესიაში.
* * *
1830 წელს სკოლის დასრულების შემდეგ ვერდიმ მილანში გამგზავრება და კონსერვატორიაში ჩაბარება გადაწყვიტა, თუმცა მწირი მუსიკალური განათლების გამო სასწავლებლის მესვეურებმა უარი უთხრეს მიღებაზე. სხვათა შორის, დღეს კონსერვატორიას, სადაც მომავალი კომპოზიტორი არ მიიღეს, სწორედ მისი სახელი ჰქვია.
ჯუზეპემ არ მოინდომა ბარეცისთან შერცხვენილი დაბრუნება, ამიტომ მილანში დარჩა, ლა სკალას ორკესტრის ხელმძღვანელთან ვინჩენცო ლავინისთან დაიწყო მეცადინეობა და ძალიან გაუმართლა, რადგან სწორედ ლა სკალას ხელმძღვანელობის დაკვეთით დაწერა სადებიუტო ოპერა "ობერტო, გრაფი დი სან ბონიფაჩო".
* * *
მართალია, რამდენიმე წლის მანძილზე ვერდის, რომელსაც ჯერ ორი მცირეწლოვანი შვილი, მერე კი, 26 წლის მეუღლე დაეღუპა ენცეფალიტით, ისე უჭირდა მატერიალურად, რომ მუსიკაზე სამუდამოდ უარის თქმა გადაწყვიტა, მაგრამ სწორედ მაშინ გაიცნო ლა სკალას თეატრის იმპრესარიო ბართოლომეო მარელი, რომელმაც ორი ოპერის დაწერა დაუკვეთა.
სწორედ ოპერებმა "მეფემ ერთი საათით" და "ნაბუქომ" მოუტანეს კომპოზიტორს პირველი აღიარება, რომელიც მოგვიანებით კიდევ უფრო განმტკიცდა.
მოულოდნელი პოპულარობა მოიპოვა "ნაბუქომ", რომლის პრემიერა 1842 წელს შედგა. არანაკლებ წარმატებული აღმოჩნდა დადგმები "ერნანი" და "ლომბარდიელები ჯვაროსნულ ლაშქრობაში", რომელიც პირველად პარიზულმა პუბლიკამ იხილა.
* * *
განსაკუთრებით პროდუქტიული ვერდი 40-50 წლის ასაკში აღმოჩნდა, როცა 20 ოპერა შექმნა, რომელთა უმეტესობამ არა მხოლოდ მის ეპოქაში მოიპოვა პოპულარობა, არამედ დროს გაუძლო, დღემდე იდგმება და შედევრად ითვლება.
აღსანიშნავია, რომ კოლეგები კომპოზიტორს, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე ცდილობდა ახლის შესწავლას და საკომპოზიციო ოსტატობის დახვეწას, საოცრად მონდომებულ და შრომისმოყვარე ადამიანად ახასიათებდნენ. მეტიც, ამბობდნენ, თითქოს ვერდი ყველგან უბის წიგნაკით დადიოდა, რომელშიც გარემოს ყველა ხმასა და ბგერას აფიქსირებდა, რადგან სწორედ ასე ცდილობდა სმენის განვითარებას და ახალი ნაწარმოებების შექმნას.
* * *
ადრეული ასაკიდან ლიტერატურით გატაცებულ ვერდის განსაკუთრებით კლასიკოსები - შექსპირი, დანტე და გოეთე, დიუმა, ჰიუგო და შილერი მოსწონდა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ უკვე ზრდასრულმა სწორედ საყვარელ ავტორებს მიმართა. შექსპირის ტრაგედიის მიხედვით "ოტელო" დაწერა, ჰიუგოს პიესის "მეფე ერთობა" მოტივებზე კი, ოპერა "რიგოლეტო" შექმნა, რომელიც მისი შემოქმედების საუკეთესო ნამუშევრად ითვლება, რადგან არა მხოლოდ ტრაგიზმი და კომიზმი გააერთიანა, არამედ საკუთარი საკომპოზიციო სტილიც სრულად გადმოსცა.
წინამორბედების წარმატება გაიზიარა ვიქტორ ჰიუგოს რომანის "ქალი კამელიებით" მიხედვით შექმნილმა "ტრავიატამ", რასაც მოგვიანებით "აიდა" მოჰყვა. ბრწყინვალე ოპერა კომპოზიტორმა ეგვიპტის მთავრობის დაკვეთით დაწერა, რომელსაც სწორედ მისი ნამუშევრით უნდოდა სუეცის არხის საზეიმოდ გახსნა. მართალია, თავიდან ვერდი უარზე იყო, მაგრამ ცნობილი ეგვიპტოლოგის ფრანსუა ოგიუსტ ფერდინანდ მარიეტის სცენარის წაკითხვის შემდეგ თავად გამოთქვა მუშაობის სურვილი.
სხვათა შორის, სწორედ "აიდა" იქცა ვერდის ერთ-ერთ უკანასკნელ ნამუშევრად, რადგან ბრწყინვალე ოპერების შემდეგ კომპოზიტორმა საკუთარი ნებით დაასრულა აქტიური მუსიკალური კარიერა და როგორც თავად აღნიშნა, "სათქმელის ამოწურვის" შემდეგ ძველი ნამუშევრების რედაქტირებას შეუდგა.