* ალიკო დაგნოტე -
მართალია, მრავალრიცხოვანი ჰუმანიტარული და საქველმოქმედო პროექტების მიუხედავად თანამედროვე აფრიკა, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ კონტინენტად ითვლება, განვითარების დონით დღესაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება დანარჩენ მსოფლიოს, რისი მიზეზი პირველ რიგში, რიტუალებისა და ცრურწმენების მიმდევრობაა, მაგრამ აფრიკასაც ჰყავს თავისი მილიარდერები, რომელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ალიკო დაგნოტეა.
ნიგერიელმა ბიზნესმენმა, რომლის კაპიტალი თითქმის 24 მილიარდ დოლარს შეადგენს, სამშენებლო მასალისა და საკვები პროდუქტის ვაჭრობით დაიწყო საქმიანობა, დღეს კი, ნავთობს ამუშავებს და თანამემამულეებისგან განსხვავებით, რომლებიც მეტწილად მოძველებული ტრადიციებითა და წარმოდგენებით ცხოვრობენ, პროგრესული, ცრურწმენებისგან თავისუფალი და მეტად პრაგმატული ადამიანის რეპუტაციით სარგებლობს.
* * *
ალიკო დაგნოტე 1957 წლის 10 აპრილს დაიბადა კოლონიალური ნიგერიის ჩრდილოეთში, კანოს შტატის ადმინისტრაციულ ცენტრში. აღსანიშნავია, რომ 36-დან 11 შტატში, მათ შორის კანოში 1990-იანი წლებიდან მოქმედებს შარიათის კანონი, რომელიც ადგილობრივ სამართლებრივ სისტემას განსაზღვრავს.
ამასთანავე, მე-19 საუკუნის ბოლოს სწორედ კანოში შეიქმნა ტერორისტული დაჯგუფება "ბოკო ჰარამი", რომელიც კატეგორიულად გმობს დასავლურ კულტურასა და ცხოვრების წესს საერო განათლების მიღების ჩათვლით. მეტიც, დაჯგუფების წევრები მუდმივად თავს ესხმიან ქრისტიან მოსახლეობას, განსაკუთრებით პოლიციელებს და სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთაც იტაცებენ და სასტიკად უსწორდებიან. სწორედ ამგვარი დაჯგუფებების გამო ითვლება ნიგერია ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო ქვეყნად და ტურისტებისთვის ნაკლებად სახარბიელო მარშრუტად.
* * *
მართალია, დაგნოტეს მშობლებიც ისლამის მიმდევრები იყვნენ, მაგრამ მაინც წარმატებით აწარმოებდნენ ბიზნესს. მეტიც, ჰაუსის ეთნოსის წარმომადგენლები მოვაჭრეთა დინასტიას და ქვეყნის ელიტას მიეკუთვნებოდნენ, ამიტომ კარგად ესმოდათ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო შვილისთვის კარგი განათლების მიცემა, რათა სრულფასოვნად შესძლებოდა ცხოვრება. სხვათა შორის, ალიკოს დიდი ბაბუა დედის მხრიდან ალჰასან დანტატი 1950-იან წლებში აფრიკის უმდიდრეს ადამიანად ითვლებოდა.
შეიხ ალი კუმასის მედრესში მიღებული დაწყებითი განათლების შემდეგ ალიკომ კანოს საშუალო სკოლაში გააგრძელა სწავლა, 1978 წელს ბირნი-კუდუს სახელმწიფო კოლეჯის დასრულების შემდეგ კი, კაიროში, ალ-აზჰარის უნივერსიტეტში მიიღო ბიზნესის კვლევისა და ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი და ბიძის სანი დაგნოტეს კომპანიაში დაიწყო მუშაობა, თუმცა მოგვიანებით ისევ ბიძისგან ისესხა 500 ათასი ნიგერიული ნაირა და საკუთარი საქმე წამოიწყო.
დამწყებმა მეწარმემ, რომელმაც მცირე ფირმა Dangote Group დააარსა ლაგოსში, სწორად შეარჩია საქმიანობის სფერო, რადგან ფსონი სამშენებლო მასალის - მეტწილად ცემენტის და საკვები პროდუქტით ვაჭრობაზე გააკეთა. მონაცემების თანახმად, ახალგაზრდა ბიზნესმენის დღიური შემოსავალი ხშირად რამდენიმე ათას დოლარს აღწევდა, რაც პირველ რიგში სწორად მრავალგანშტოებიანი, თუმცა კარგად გამართული ლოგისტიკური ქსელის დამსახურება აღმოჩნდა.
* * *
გარდა ამისა, დაგნოტეს ძალიან გაუმართლა, რადგან 1970-იან წლების დასაწყისში, როცა საკუთარი ბიზნეს-იმპერიის შენებას შეუდგა, ნავთობის წარმოების წყალობით ნიგერიის ეკონომიკამ აღმავლობა განიცდიდა. ნავთობის მოპოვებასა და ექსპორტს ნიგერიის საწვავის ეროვნული კორპორაცია აწარმოებდა, რომელიც მონოპოლიას ფლობდა ბაზარზე.
1973 წელს გლობალური ენერგეტიკული კრიზისი დაიწყო, რისი მიზეზი არაბული ქვეყნების გადაწყვეტილება გახდა, რომელთაც უარი თქვეს შეერთებული შტატებისთვის, კანადისთვის, ბრიტანეთისა და იმ ქვეყნებისთვის ნავთობის მიყიდვაზე, რომელთაც ისრაელს დაუჭირეს მხარი სირიასა და ეგვიპტესთან ომში. რა თქმა უნდა, ფასმა ნავთობზე მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია, ამერიკამ კი, იძულებით აკრძალა ნავთობის ექსპორტი, რათა საკუთარი ეკონომიკა უზრუნველყო. არსებული სიტუაციით ისარგებლა ნიგერიამ, სწრაფად დაიკავა ვაკანტური ადგილი და მნიშვნელოვანი წილი - 10 პროცენტი მოიპოვა ამერიკის ბაზარზე, რომელსაც დღემდე ინარჩუნებს.
მართალია, ნიგერია საკმაოდ სწრაფად გახდა დამოკიდებული ნავთობზე, მეტიც, ქვეყნის ეკონომიკის 87 პროცენტს დღემდე მისი ექსპორტი შეადგენს, მაგრამ დაგნოტემ მაინც არ იჩქარა მომგებიან საქმეში ჩაბმა, რადგან ჩათვალა, რომ ქვეყნის ეკონომიკის საერთო ზრდის ფონზე შეძლებდა კაპიტალის გაზრდას და მსხვილ კომპანიად ქცეულ Dangote Group-ში მოუყარა თავი სხვადასხვა სფეროში გაფანტულ აქტივებს. ამასთანავე, დაგნოტე აქტიურად ცდილობდა წამყვან პოლიტიკოსებთან კონტაქტების დამყარებას, მათი პარტიების და საარჩევნო კამპანიების დაფინანსებას, რადგან მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ქვეყნის ცხოვრებას სწორედ პოლიტიკა განსაზღვრავდა, მით უფრო, რომ გახშირებული სახელმწიფო გადატრიალებების შემდეგ პოლიტიკოსებთან ერთად რეჟიმებიც იცვლებოდა.
სხვების მსგავსად დაგნოტესაც მოუწია არსებულ სიტუაციას მორგება. 1983 წელს ქვეყნის სათავეში მოჰამედ ბუხარის მოსვლის შემდეგ, ბიზნესმენმა იმპორტის ჩანაცვლების პოლიტიკას დაუჭირა მხარი, ახალი სფეროში მოსინჯა შესაძლებლობები და ტექსტილის წარმოებას შეუდგა, 10 წლის შემდეგ კი, უკვე პრეზიდენ სანი აბაჩის განკარგულებით ჩინური ბრინჯის შემოტანას შეუდგა ქვეყანაში. ამასთანავე, 1990-იანი წლების ბოლოს დაგნოტემ ნიგერიის ცენტრალურ ბანკთან გააფორმა გარიგება და საკუთარ ხელში აიღო დედაქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვა.
* * *
ახლო ურთიერთობა ჰქონდა დაგნოტეს ოლუსეგუნ ობასანჯოსთან, რომელიც 1976-1979 და 1999-2007 წლებში მართავდა ქვეყანას. ხელისუფლებაში მოსულმა, განსაკუთრებით მეორე ვადით არჩეულმა ობასანჯომ ერთის მხრივ, ეკონომიკის დემოკრატიზაცია სცადა და სრული თავისუფლება მისცა მეწარმეებს, მაგრამ მეორეს მხრივ, ადგილობრივი წარმოების წახალისების მიზნით უცხოური საქონლის, მეტწილად ცემენტის იმპორტი აკრძალა, რომლითაც დაგნოტეს კომპანიამ Dangote Group-მა დაიწყო საქმიანობა.
ნეგატიური პროგნოზის მიუხედავად დაგნოტემ შეზღუდვაც სარგებლად აქცია და ჯერ საკუთარი ცემენტის ქარხანა ააშენა, მერე კონკურენტების მცირე საწარმოები შეიძინა და ერთპიროვნულად შეუდგა პროდუქციის გამოშვებას. არ დაივიწყა ბიზნესმენმა არც ხელისუფლება, რადგან სწორედ მისი ცემენტით და უსასყიდლოდ აშენდა მმართველი პარტიის - სახალხო-დემოკრატიული მოძრაობის შტაბ-ბინა.
მართალია, მონოპოლისტურმა მდგომარეობამ Dangote Cement-ს საერთაშორისო ნორმებთან შედარებით ფასის სამჯერ გაზრდის საშუალება მისცა, რაც მრავალგზის იქცა კრიტიკის მიზეზად, მაგრამ ბიზნესმენმა მაინც მტკიცედ შეინარჩუნა საკუთარი პოზიცია, მოგვიანებით კი, ჯერ ფოლადის მწარმოებელი კომპანია Oshogbo Steel Rolling Mills შეიძინა, მერე შაქრისა და ფქვილის წარმოებას შეუდგა.
2000-იანი წლების დასაწყისში ობასანჯომ საკუთარ მემკვიდრედაც კი დაასახელა დაგნოტე, რადგან ჩათვალა, რომ ბიზნესმენი, რომლის კაპიტალი რამდენიმე მილიარდ დოლარს აჭარბებდა, არ ეცდებოდა გამდიდრების სურვილით ქვეყნის ძარცვას, ამიტომ იდეალურად მოერგებოდა პრეზიდენტის პოსტს. თუმცა, დაგნოტემ თავად თქვა უარი მაცდუნებელ შეთავაზებაზე, რადგან ბიზნესი მისთვის ბევრად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.
* * *
2010 წელს დაგნოტემ საერთაშორისო ბაზრის ათვისება გადაწყვიტა და აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, სენეგალში, ზამბიასა და კონგოში, ეთიოპიასა და კამერუნში გახსნა Dangote Group-ს ფილიალები. მართალია, ბიზნესმენი დიდხანს გეგმავდა 555 მილიონი დოლარის ჩადებას მაღალმთიანი ნეპალის ეკონომიკაში, კირქვის საბადოს დამუშავებას და ქარხნის გახსნას, რაც უმსხვილესი ინვესტიცია იქნებოდა ქვეყნის ისტორიაში, მაგრამ წამოწყებამ არ გაამართლა.
ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა მსოფლიოს უმსხვილეს საინვესტიციო კომპანიასთან Blackstone-თან ერთად დაწყებული პროექტიც, რომელიც 5-მილიარდიანი ინვესტიციის ჩადებას და მთელი აფრიკის მასშტაბით ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გამართვას ითვალისწინებდა, თუმცა 6-წლიანი მუშაობის შემდეგ Blackstone-ის წარმომადგენლებმა კონტინენტზე საქმიანობა დაასრულეს, რადგან წამოწყება არც ისე მომგებიანი არ აღმოჩნდა, როგორც მათ წარმოედგინათ.
* * *
2018 წელს დაგნოტემ, მორიგი მსხვილი პროექტი წამოიწყო და აფრიკის კონტინენტზე უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა დაიწყო, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით სიდიდით მეხუთე უნდა ყოფილიყო. გიგანტ კომპანიას პირველ რიგში, ნიგერიის მთავარი პრობლემა უნდა მოეგვარებინა, რადგან ნავთობის უზარმაზარი მარაგის მიუხედავად, ტექნიკურად მოძველებული გადამამუშავებელი ქარხნების გამო, ქვეყანას მაინც საზღვარგარეთიდან უწევდა ბენზინის შემოტანა.
სკეპტიკოსები ეჭვის თვალით უყურებდნენ დაგნოტეს წამოწყებას, რომელიც ირწმუნებოდა, რომ ორ წელიწადში დაასრულებდა ქარხნის მშენებლობას, მისი შემოსავალი კი, 4 მილიარდიდან 30 მილიარდამდე გაიზრდებოდა. მართალია, დაგვიანებით, მაგრამ ბიზნესმენმა მაინც შეასრულა პირობა და 2023 წლის მაისის თვეში ქარხანა Dangote Refinery აამუშავა, რომელიც ლაგოსის შტატში, 2 500 ჰექტარის ფართობის მიწის ნაკვეთზე მდებარეობს და მსოფლიოში უმსხვილესი - 1100-კილომეტრიანი წყალქვეშა მილსადენით მარაგდება ნედლი ნავთობით.
* * *
დღეს 24 მილიარდი დოლარის მფლობელი ალიკო დაგნოტე აფრიკის ყველაზე შეძლებული ადამიანი და ერთ-ერთი უმდიდრესი შავკანიანი მეწარმეა, რომელიც რადიკალურად განსხვავდება ახალი თაობის ბიზნესმენებისგან, რადგან 21-ე საუკუნეში გამდიდრებულმა ახალგაზრდა აფრიკელებმა კაპიტალი მაღალტექნოლოგიური ციფრული სერვისების წყალობით დააგროვეს, მაშინ როცა დაგნოტე ეკონომიკის რეალურ სექტორში შექმნილი ბიზნესით გამდიდრდა.