სერბეთის ოთხ ქალაქში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გაიმართა. დემონსტრანტები მთავრობის ზეწოლასა და სიძულვილის ენას აპროტესტებდნენ, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე დემონსტრაციების მონაწილე სტუდენტებისა და პროფესორების წინააღმდეგ არის მიმართული. ბელგრადის გარდა, დემონსტრაციები 3 ქალაქში გაიმართა. სერბეთში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები 2024 წლის ნოემბრის შემდეგ იმართება. დემონსტრაციები ნოვი სადში ახლად რეაბილიტირებული რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევას მოჰყვა, რასაც 16 ადამიანი ემსხვერპლა. აქციის მონაწილეები მომხდარს მთავრობის კორუფციასა და ნეპოტიზმს უკავშირებენ. ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლებში სტუდენტები და პროფესორები აქტიურად მონაწილეობენ.