მარტში ხაჭაპურის მომზადება გაძვირდა. ყველაზე მეტად ყველისა და კარაქის ფასი გაიზარდა. მიმდინარე წლის მარტში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება წლიურად 8.3%-ით გაიზარდა, თვის ჭრილში კი 1.6%-ით შემცირდა. უფრო კონკრეტულად, ISET-ის კვლევის მიხედვით, მარტში ერთი ხაჭაპურის მომზადება საშუალოდ 6.93 ლარი ჯდებოდა. კვლევაში ნათქვამია, რომ ხაჭაპურის ზოგიერთი ინგრედიენტის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა წლიურ ჭრილში. ყველაზე მეტად ფასის ზრდა დაფიქსირდა ყველის (+14.9%), კარაქის (+13.4%), საფუარისა (+2.1%) და რძის (+1.1%) შემთხვევაში. დარჩენილი ორი ინგრედიენტის, კვერცხის (-5.8%) და ფქვილის (-5.7%) ფასები კი შემცირდა. მარტში ხაჭაპურის ინდექსმა თვის ჭრილში კლება აჩვენა, რაც ადგილობრივი ნედლი რძის წარმოების ტრადიციულ სეზონურ ზრდას უკავშირდება და შესაბამისად რძის პროდუქტების ფასების შემცირებას იწვევს. გარდა ამისა, 3 მარტს დიდმარხვა დაიწყო, რამაც შესაძლოა იმოქმედა ყველისა და რძის პროდუქტების ფასების შემცირებაზე, რადგან მათზე მოთხოვნა ამ პერიოდში მცირდება.