მძიმედ ჟღერს, მაგრამა საქართველოს მოსახლეობის მესამედი ისევ სიღარიბეში ცხოვრობს. ამიტომაც არის, რომ ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის თითქმის 1/3 ცხოვრობს თბილისში და მშპ-ს 50%-ს ქმნის. კვლევითმა ორგანიზაცია ISET-მა საქართველოს მუნიციპალიტეტების სიცოცხლისუნარიანობის ინდექსი შეაფასა. კვლევაში ნათქვამია, რომ დედაქალაქისგან განსხვავებით, მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში მოსახლეობა მცირდება. ამასთან, კვლევის თანახმად, რეგიონებში მწვავედ დგას სიღარიბის, უმუშევრობის პრობლემა, რაც თავის მხრივ იწვევს სუსტ ეკონომიკურ განვითარებას. გარდა ამისა, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მოსახლეობის მესამედი კვლავაც სიღარიბეშია, 55% კი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, ანუ დღეში 7 დოლარზე ნაკლებს მოიხმარს. „მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება საკვანძოა, სიღარიბისა და სიცოცხლისუნარიანობის არაეკონომიკური მიმართულება კეთილდღეობის კრიტიკულ ფაქტორებს წარმოადგენს“, - აღნიშნულია კვლევაში. ცნობისთვის, სიცოცხლისუნარიანობის ინდექსი აფასებს ქვეყნის ან რეგიონების ცხოვრების ხარისხს, რომლის განსაზღვრისთვის გამოიყენება ისეთი პარამეტრები, როგორიცაა ეკონომიკური მდგომარეობა, სერვისებზე ხელმისაწვდომობა, დაკავშირებადობა, ინფრასტრუქტურა, დემოგრაფიული და სოციალური ფონი და სხვა.
„აისეტის“ კვლევის თანახმად, ჩამოთვლილი ინდიკატორების მიხედვით, სიცოცხლისუნარიანობის ინდექსში ლიდერობს თბილისი, მას კი მოსდევს ბათუმი, ყაზბეგი, ფოთი და რუსთავი. რეიტინგში ბოლო ადგილს იკავებს ლენტეხი, ცაგერი, მარნეული, მარტვილი და ხულო.