თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციები დღესაც იმართება. დემონსტრანტები პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბებიან. 28 ნოემბრიდან მიმდინარე პროტესტის 122 დღესაც მოქალაქეები საკუთარ მოთხოვნებს გააჟღერებენ - ჩაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებული მოქალაქეები. პარალელურად გრძელდება მზადება 31 მარტის აქციისთვის, რომელიც ოპოზიციურმა ძალებმა სალომე ზურაბიშვილთან ერთად სიმბოლურად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღისთვის დაანონსეს. მოქალაქეთა ჯგუფმა უკვე დაიწყო ქალაქ დმანისიდან მსვლელობა. აქციის მონაწილეები 3 დღის განმავლობაში 100 კილომეტრს გაივლიან. ბოლნისის შემდგომ, 30 მარტს მარნეულში გადაინაცვლებენ, მომდევნო დღეს კი 31 მარტს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან. სწორედ ორშაბათს მოქალაქეები ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ პოლიტიკური ძალების მხრიდან ერთობლივ ხედვას მოისმენენ.