„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, დაინიცირდა კანონპროექტი, რომელიც ე.წ. "კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ მემკვიდრე პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ეხება. მდინარაძემ განმარტა, რომ კანონპროექტი ეხება შემთხვევას, თუ „პარტიის საქმიანობის არსი, გადაწყვეტილების მიმღებთა პერსონალური შემადგენლობა თუ საწესდებო მიზნები, ე.წ. კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის არსის, პერსონალური შემადგენლობის თუ საწესდებო მიზნების იდენტური იქნება“.
მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე ისაუბრა პარტიის გეგმებზე, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით, რომლის „მყარი საფუძველიც“, მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიის დასკვნა იქნება, რაც, როგორც მდინარაძე ამტკიცებს, უკვე აშკარაა.
მდინარაძემ ყურადღება გაამახვილა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც და განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „მისი სატელიტები“ ვერ მიიღებენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, რასაც ქართული სახელმწიფო და მისი კონსტიტუციური წესრიგი უზრუნველყოფს.
მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიის პირველივე სხდომებიდანვე კარგად გამოჩნდა, რომ წარსულში „ჩადენილი გაუგონარი დანაშაულების ავტორები და მათი თანამზრახველები“ - ქვეყნის წინაშე „საერთო, მტრული მიზნით მოქმედი“ პოლიტიკური პარტიები, უნდა ჩამოშორდნენ პოლიტიკას.