სასაწყობე ფართზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ბოლო წლებში სატრანზიტო ნაკადების და ადგილობრივი მოთხოვნის ზრდის პარალელურად, საქართველოში საწყობებზე მოთხოვნა გაიზარდა, - ამის „თიბისი კაპიტალის“ კვლევაში ვკითხულობთ. ანგარიშში ნათქვამია, რომ მოთხოვნის ზრდის ფონზე, გაზრდილია საწყობებსა და ლოჯისტიკურ სერვისებთან დაკავშირებულ ობიექტებზე სამშენებლო ნებართვებიც. „სასაწყობო უძრავი ქონების ბაზარი საქართველოში მეტწილად არაორგანიზებული და ფრაგმენტულია. დომინირებს მრავალი მცირე ზომის ოპერატორი და სტრუქტურირებული სერვისის პროვაიდერების ნაკლებობაა“, - აღნიშნულია კვლევაში. ამასთან, საქართველოში გასაქირავებელი სასაწყობე ობიექტების სავარაუდო მთლიანი ფართობი დაახლოებით 2.2 მილიონი კვ.მ-ია, საიდანაც 33% გასაქირავებლად ხელმისაწვდომია. კვლევის თანახმად, ამ ტიპის უძრავი ქონების მოიჯარეები ძირითადად ისეთი ბიზნეს სექტორები არიან, როგორიცაა ტანსაცმელი, სამომხმარებლო საქონელი, ელექტრონიკა, ფარმაცია და სილამაზის ინდუსტრია. კვლევის ავტორების შეფასებით, იჯარით გაცემული საწყობების უდიდესი ნაწილი - 68% თბილისშია განლაგებული, დედაქალაქს მოსდევს: ქუთაისი, რომელზეც სასაწყობე მეურნეობის - 17% მოდის, შემდეგ ბათუმი - 5%-იანი წილით და ფოთი საწყობების იგივე ფართობით. თბილისის საწყობების ფართობი სულ შეადგენს 393 369 კვ.მ-ს და ძირითადად კონცენტრირებულია სამგორში, ნაძალადევსა და ისანში. თბილისში საშუალო ქირა კვ.მ-ზე მერყეობს 3-დან 5 დოლარამდე დღგ-ს და მომსახურების საფასურის გარეშე, A კლასის ობიექტების ფასი კი 7 დოლარამდეც კი აღწევს.