* ჯორჯ ფორმანი -
"მნიშვნელობა არ აქვს როგორ დასრულდება ორთაბრძოლა, რადგან როცა რინგზე გამოვდივარ, მე უკვე გამარჯვებული ვარ", - აღნიშნა ლეგენდარულმა მოკრივემ ჯორჯ ფორმანმა, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა რამდენიმე დღის წინ.
ფორმანის მიღწევები მართლაც შთამბეჭდავია. "დიდი ჯორჯის" მეტსახელით ცნობილი მოკრივე, რომელიც მძიმე წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, 1968 წელს ოლიმპიური ჩემპიონი, 1974 წელს კი, მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი გახდა. 1970-1990-იან წლებში ფორმანმა ხუთჯერ დაამარცხა მეტოქე მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში, მისი ოთხი ბრძოლა კი, წლის საუკეთესო შერკინებად დასახელდა. ამასთანავე, "დიდმა ჯორჯმა", რომელიც 1973 და 1976 წლებში "წლის საუკეთესო მოკრივე გახდა", 1994 წელს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და 45 წლის ასაკში ყველაზე "ხანდაზმულ" ჩემპიონად იქცა კრივის ისტორიაში.
* * *
ჯორჯ ედვარდ ფორმანი 1949 წლის 10 იანვარს დაიბადა ჰიუსტონში, შავკანიანთა გეტოში. რა თქმა უნდა, მოზარდ ჯორჯს ხშირად უწევდა საკუთარი თავის დაცვა და ქუჩურ გარჩევებში მონაწილეობა, ამიტომ სწრაფად შეიძინა ჩხუბისთავის რეპუტაცია. მეტიც, ამბობენ თითქოს, მისი ქცევით გაბრაზებული უფროსი და, რომელსაც პრაქტიკულად ყოველდღე უწევდა მომავალი ჩემპიონის პოლიციის განყოფილებიდან დახსნა, ხშირად უმეორებდა, რომ "მისგან არაფერი გამოვიდოდა და სიცოცხლეს აუცილებლად საპატიმროში დაასრულებდა".
მართალია, ჯორჯი ნაკლებად ინტერესდებოდა სხვების, განსაკუთრებით ოჯახის წევრების აზრით, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, ყველას გასაკვირად განაცხადა, რომ კრივის სექციაში გეგმავდა ჩაწერას. "დიდხანს არ ვაპირებდი კრივზე სიარულს, მხოლოდ ჩხუბის ილეთების დამეხვეწა მინდოდა, რათა ქუჩაში დავბრუნებულიყავი და ყველასთვის ცხვირ-პირი მიმელეწა, თუმცა ერთწლიანი ვარჯიშის შემდეგ მივხვდი, რომ სწორედ კრივი იყო საქმე, რომელიც ყველაზე კარგად გამომდიოდა", - აღნიშნა ფორმანმა მოგვიანებით.
* * *
1968 წელს, 19 წლის ჯორჯი მეხიკოში გაემგზავრა ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც არა მხოლოდ ოქროს მედალი, არამედ აღიარებაც მოიპოვა, რამაც ერთი წლის შემდეგ პროფესიონალურ კრივში გადასვლის საშუალება მისცა. რა თქმა უნდა, ფორმანის საოცარი ფიზიკური მონაცემები და უძლიერესი დარტყმა იდეალურად მოერგო პროფესიონალურ კრივს. მეტიც, 1969 წელს, პროფესიონალურ რინგზე სადებიუტო გამოსვლის შემდეგ ჯორჯმა საოცარი ტემპი აკრიფა და ექვს თვეში 13 გამარჯვებით ახალი რეკორდი დაამყარა.
1973 წელს ტიტულისთვის ბრძოლაში ფორმანი ჯო ფრეიზერს დაუპირისპირდა, რომელსაც მართალია, მუჰამედ ალისთან მოგებული შეხვედრა უმაგრებდა ზურგს, მაგრამ ჯორჯი მეტოქის ტიტულებს არ შეუშინდა, პირიქით, სწორედ მისი ერთი შეხედვით უძლეველობა იქცა მთავარ მოტივაციად, როცა ორ რაუნდში ექვსი ნოკდაუნით სძლია, მერე კი, რეფერიმ ბრძოლა შეაჩერა. სწორედ ამ შერკინების შემდეგ შეიძინა ფორმანმა კრივის სუპერვარსკვლავის ტიტული.
წარმატების და აშკარა უპირატესობის მიუხედავდა, 1976 წელს ფრეიზერთან მეორე ბრძოლაში ფორმანმა ვერ შეძლო მოპოვებული გამარჯვების შენარჩუნება და მეხუთე რაუნდში დამარცხდა ნოკაუტით.
* * *
1974 წელს 30 ოქტომბერს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქ კინშასაში
ჯორჯ ფორმანასა და მუჰამედ ალის ცნობილი დუელი შედგა, რომელიც არა მხოლოდ წლის საუკეთესო პაექრობად იქცა, არამედ მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდეს საკრივო ორთაბრძოლად შეფასდა და "ხმაური ჯუნგლებში" სახელი შეიძინა. სხვათა შორის, ორთაბრძოლამ მის ორგანიზატორებს უზარმაზარი შემოსავალი - 510 მილიონი დოლარი მოუტანა, რომელიც დღემდე დაუძლეველ რეკორდად რჩება.
ბრძოლა საკმაოდ მძიმე კლიმატურ პირობებში, წვიმისა და მაღალი ტენიანობის ფონზე გაიმართა. ამასთანავე, ამერიკელი ტელემაყურებლისთვის მეტი კომფორტის შესაქმნელად, მატჩი ადგილობრივი დროით დილის 4 საათზე დაიწყო, რაც სპორტსმენებზე ნეგატიურად აისახა, რადგან პირველ რაუნდებში ორივეს ძალიან გაუჭირდა მობილიზება და სრული დატვირთვით ასპარეზობა.
პირველმა რაუნდმა ფორმანის უპირატესობით ჩაიარა, რომელმაც მაქსიმუმი გააკეთა, რათა არ მიეცა მეტოქისთვის თავისუფლად მოძრაობის საშუალება. თუმცა, ალი სწრაფად მიხვდა, რომ მოწინააღმდეგეს კარგად გამოსდიოდა რინგზე მისი გადაადგილების გამოცნობა, ამიტომ მეტწილად თავდაცვაში გადავიდა, ინიციატივა კი, ფორმანს გადასცა, რომლის მხარეს ფიზიკური ძალა და ახალგაზრდული მაქსიმალიზმი იყო.
პირველ რაუნდებში ფორმანმა ათობით უძლიერესი დარტყმა განახორციელა, თუმცა თავდაცვაში მყოფმა ალიმ ყველა მოიგერია, მერვე რაუნდში კი, როცა მიხვდა, რომ მეტოქე დაიღალა, მოულოდნელად გადავიდა კონტრშეტევაზე, ნოკაუტით დაამარცხა ფორმანი და ორგზის ჩემპიონი გახდა.
მარცხიანი ბრძოლის შემდეგ ფორმანმა სკანდალური განცხადება გააკეთა და საკუთარ მარცხში მწვრთნელი დიკ სედლერი დაადანაშაულა, "ალისთან შეხვედრამდე მწვრთნელმა გაურკვეველი სითხით სავსე ჭიქა მომაწოდა და მითხრა, თითქოს წყალი იყო, თუმცა ერთი ყლუპიც საკმარისი აღმოჩნდა, რომ თავი ამტკივებოდა. სითხეს ისეთი უცნაური გემო ჰქონდა, თითქოს სამედიცინო პრეპარატს ვსვამდი, თუმცა სედლერმა დაიჩემა, რომ ჩვეულებრივი წყალი იყო. საერთოდ არ ვიცი, ვინაა დიკ სედლერი, რადგან მანამდე მასთან არასდროს მიმუშავია", - აღნიშნა მოკრივემ, თავად სედლერმა უარი თქვა მის ბრალდებაზე კომენტარის გაკეთებაზე.
* * *
1976 წლის იანვარში ფორმანი მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს მოკრივეს რონ ლაილს შეხვდა, ვისთანაც უმძიმესი ორთაბრძოლა გამართა. მართალია, პირველი რაუნდი ლაილის აქტიურობით დაიწყო, მაგრამ შემდეგ რაუნდებში უპირატესობა ფორმანის მხარეს გადავიდა, რომელმაც მეტოქე კუთხეში მიიმწყვდია და უძლიერესი დარტყმების მთელი სერია განახორციელა, თუმცა მეოთხე რაუნდში ერთი შეხედვით ღონეგამოცლილი ლაილი ისევ შეტევაზე გადავიდა და ფორმანი ნოკდაუნში გაგზავნა.
გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა მეხუთე რაუნდმაც, რადგან ჯერ ფორმანმა მიიღო თავში მეტოქის რამდენიმე დარტყმა, მერე კი, თვითონ გადავიდა შეტევაზე და ისევ უძლიერესი დარტყმების სერიით გაგზავნა ლაილი ნოკდაუნში, თუმცა როცა 10 დათვლაზე მოკრივემ ვერ შეძლო ფეხზე დადგომა, მსაჯმა საბოლოო ნოკაუტი დააფიქსირა და გამარჯვება ფორმანს მიაკუთნა.
* * *
1977 წლის მარტის თვეში ფორმანმა ჯიმი იანგთან გამართა ბრძოლა, თუმცა ქულებით დამარცხდა. 12-რაუნდიან დაპირისპირებაში იანგმა, რომელმაც ყველა გააკვირვა თავისი თავგანწირული ბრძოლით, რამდენჯერმე გაგზავნა "დიდი ჯორჯი" ნოკდაუნში.
სწორედ იანგთან მარცხის შემდეგ გადაწყვიტა ფორმანმა კრივისთვის თავის დანებება. ყოფილმა სპორტსმენმა ჯერ ახალგაზრდული ცენტრი გახსნა მშობლიურ ჰიუსტონში, მერე ეკლესია, რომელსაც თავად ჩაუდგა სათავეში. 10-წლიანი პასტორობის პერიოდი ფორმანმა ქადაგებას, ქველმოქმედებას დაუთმო და ახლობლების განცხადებით, თვითონაც ძალიან შეიცვალა.
"ჩემთვის კრივი მხოლოდ განადგურების მეთოდი იყო, ერთ დღეს კი, მივხვდი, რომ აღარ მინდოდა ნგრევა და განადგურება. 10 წლის მანძილზე არა მხოლოდ ჩხუბზე ვთქვი უარი, არამედ ერთხელაც არ შემიკრავს მუშტი. ვისაც კრივის სწავლა უნდა - ისწავლოს, თუმცა, არაა საჭირო მისი ბრაზით, აგრესიით გამოყენება. სწორედ ამას ვეუბნებოდი სხვებს, თუმცა პირველ რიგში საკუთარ თავში ვცდილობდი აგრესიის დაძლევას. ვფიქრობ, შევძელი განახლება და სხვა ადამიანად გარდასახვა", - აღნიშნა მოგვიანებით მოკრივემ.
* * *
1987 წელს, 38 წლის ფორმანი ყველასთვის მოულოდნელად დაუბრუნდა კრივს. მართალია, ბევრი თვლიდა, რომ ასაკოვანი სპორტსმენი მხოლოდ თავშექცევას ცდილობდა, მაგრამ "დიდმა ჯორჯმა" უფრო მეტად გააოცა პუბლიკა, როცა სამი წლის მანძილზე 24 გამარჯვება მოიპოვა. მეტიც, პროფესიონალური კრივისთვის საკმაოდ "ხანდაზმული" ფორმანი ბრწყინვალე ფორმაში აღმოჩნდა და არა უბრალოდ დაიბრუნა ძველი პოპულარობა, არამედ ახალგაზრდა კონკურენტებიც გვარიანად დააფრთხო.
სპორტული კომენტატორის ფრენკ ლოტიერზოს განცხადებით, ხანგრძლივი შვებულებიდან დაბრუნებული ფორმანის განსაკუთრებით მაიკ ტაისონს ეშინოდა. მართალია, პრომოუტერები დიდხანს ცდილობდნენ მის დაყოლიებას და ამშვიდებდნენ, თითქოს მობერებული ჯორჯი აბსოლუტურად არ წარმოადგენდა საფრთხეს, მაგრამ ტაისონმა მაინც უარი თქვა მასთან დაპირისპირებაზე.
1991 წელს, ტაისონის კატეგორიული უარის შემდეგ 42 წლის ფორმანს კიდევ ერთ აბსოლუტურ ჩემპიონთან ევანდერ ჰოლიფილდთან მოუწია შერკინება. მართალია, ასაკოვანმა მოკრივემ ტოლი არ დაუდო კონკურენტს, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხდა. წარუმატებელი აღმოჩნდა ბრძოლა WBO-ს (კრივის მსოფლიო ორგანიზაციის) ტიტულისთვისაც, როცა "დიდ ჯორჯს" ტომი მორისონმა სძლია, 1994 წელს კი, ფორმანი მაიკლ მურერს შეხვდა WBA-სა (კრივის მსოფლიო ასოციაციის) და IBF-ის (კრივის საერთაშორისო ფედერაციის) ტიტულის მოსაპოვებლად და მიუხედავად იმისა, რომ მურერი უპირობო ლიდერობას ფლობდა, მე-10 რაუნდში ჯორჯმა მაინც შეძლო მომენტის გამოიყენება, უძლიერესი დარტყმის განხორციელება და მეტოქის ნოკაუტით დამარცხება, თავად კი 45 წლის ასაკში გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.
* * *
ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ, ვარჯიშისა და რეჟიმის შემსუბუქების ნაცვლად ფორმანმა უფრო ინტენსიურად გააგრძელა მუშაობა და ოთხ პროფესიონალურ ბრძოლაში მოიპოვა წარმატება, შენონ ბრიგსთან დამარცხების შემდეგ კი, რეკორდული 76 გამარჯვებითა და მხოლოდ 5 მარცხით, 48 წლისამ ფორმანმა საბოლოოდ გადაწყვიტა კარიერის დასრულება.
"დიდი ჯორჯი", რომელმაც მუჰამედ ალის ეპოქაშიც მოახერხა ჩემპიონობა და მაიკ ტაისონის პერიოდშიც, უძლიერესი დარტყმის მქონე მოკრივეს ტიტულით შევიდა სპორტის ისტორიაში, რომელიც ე.წ. "ტანკის სტილის" წყალობით უსწორდებოდა კონკურენტებს.