* ჯონი კეში -
მართალია, ქანთრი მუსიკის შემსრულებლები იშვიათად მოიპოვებენ მსოფლიო აღიარებას, მაგრამ ამერიკელი მუსიკოსი ჯონი კეში ის იშვიათი გამონაკლისია, რომლის პოპულარობა სწრაფად გასცდა შეერთებული შტატების საზღვრებს და არა მხოლოდ საერთაშორისო წარმატებას მიაღწია, არამედ "ქანთრის პატრიარქის" ტიტულიც შეიძინა.
* * *
ჯონი კეში 1932 წლის 26 თებერვალს დაიბადა არკანზასის შტატის ქალაქ კინგსლენდში, ნაკლებად შეძლებულ მრავალშვილიან ოჯახში, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მომავალ მუსიკოსს ხუთი წლის ასაკიდან მოუწია მშობლებთან და ექვს და-ძმასთან ერთად ბამბის პლანტაციებსა და სიმინდის მინდვრებში მუშაობა.
1950 წელს, სკოლის დასრულების შემდეგ ჯონი დეტროიტში გაემგზავრა, სადაც Pontiac-ის ავტოქარხანაში მოეწყო სამუშაოდ. მართალია, კეში დეტროიტში დაფუძნებას და ქარხანაში მუშაობის პარალელურად გეგმავდა მუსიკალური კარიერის დაწყებას, მაგრამ მოულოდნელად ჯარში გაწვევამ ყველა მისი გეგმა ჩაშალა. მიუხედავად იმისა, რომ კეში 50-იანელთა ეკლესიას მიეკუთვნებოდა, რაც ჯარიდან ათავისუფლებდა, მაგრამ მაინც მოუწია სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა, 1954 წელს, დემობილიზაციის შემდეგ კი, მემფისში დასახლდა და ძველ მეგობარზე ვივიან ლიბერტოზე იქორწინა.
* * *
მუსიკალური კარიერა კეშმა 1955 წელს დაიწყო, როცა ლეიბლისთვის Sun Records-თვის ჩაწერა სადებიუტო სინგლი Hey, Porter, რასაც მალე კომპოზიციები Folsom Prison Blues და I Walk The Line მოჰყვა, რომელთა წყალობით პირველი აღიარება მოიპოვა. ერთი წლის შემდეგ ჯონიმ ელვის პრესლისთან, კარლ პერკინსთან და ჯონ ლუისთან ერთად მიიღო მონაწილეობა ცნობილ კონცერტში, რომელმაც მოგვიანებით Million Dollar Quartet-ის სახელი შეიძინა.
1958 წელს, ხმის ჩამწერ კომპანიაში Columbia Records-ში გადასულმა კეშმა ალბომები Ballads of the American Indian და Ballads of the true West ჩაწერა, რომლებიც ამერიკის მკვიდრ მოსახლეობას მიუძღვნა, 1965 წელს კი, ნიუპორტში ფოლკლორული ფესტივალი მოეწყო, სადაც მუსიკოსმა ჰიტად ქცეული კომპოზიციები შეასრულა და პუბლიკის მოწონება დაიმსახურა. სწორედ ნიუპორტის კონცერტი იქცა კეშისთვის ერთგვარ ათვლის წერტილად, რომელმაც არა მხოლოდ მას მოუტანა აღიარება, არამედ ქანთრის ჟანრსაც დაუბრუნა ძველი პოპულარობა.
* * *
მართალია, პოპულარობა კეშისთვის მძიმე ტვირთად იქცა, რისი დაძლევა ნარკოტიკებით სცადა, მაგრამ რამდენიმეწლიანი დამოკიდებულების შემდეგ საბოლოოდ მაინც შეძლო მავნე ჩვევისგან გათავისუფლება, რაშიც მეგობარი, მომღერალი ჯუნ კარტერი დაეხმარა. რა თქმა უნდა, მეგობრობით დაწყებული ურთიერთობა მალე სიყვარულში გადაიზარდა და 1968 წელს, პირველ მეუღლესთან დაშორების შემდეგ, კეშმა მეორედ იქორწინა.
ამაღლებულ განწყობაზე მუსიკოსმა ახალი ალბომი At Folsom Prison გამოუშვა, რომელიც წამყვანი პოზიციით მოხვდა Top Country Albums -ის რეიტინგში და მე-13 ადგილი დაიკავა ჟურნალ Billboard-ის პოპ-ალბომების ჩარტში. მოგვიანებით At Folsom Prison მუსიკოსის საუკეთესო ნამუშევრად დასახელდა, 2003 წელს კი, აუდიოჩანაწერების ეროვნულ რეგისტრში შევიდა.
ბრწყინვალე ალბომის გამოსვლით აღინიშნა 1965 წელიც. ნაკრები, რომელმაც At San Quentin-ის სახელი შეიძინა, ჯერ Pop Albums-ის და Top Country Albums-ის ჩარტების ლიდერი, მერე "გრემის" ნომინანტი გახდა რამდენიმე კატეგორიაში "საუკეთესო ალბომის" ჩათვლით, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ კომპოზიცია A Boy Named Sue დაჯილდოვდა პრემიით "ქანთრის სტილში შესრულებული მამაკაცის საუკეთესო ვოკალური ნამუშევრისთვის", ალბომი კი, 2004 წელს შევიდა "გრემის" დიდების დარბაზში. საერთო ჯამში მუსიკოსმა "გრემის" 13 პრემია მოიპოვა Grammy Legend Award-ისა და Grammy Lifetime Achievement Award-ის ჩათვლით, რომლითაც 1999 წელს დაჯილდოვდა მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
* * *
1969 წელს კეშმა საკუთარი მუსიკალური შოუ წამოიწყო ABC-ის არხზე, რომელმაც ორი წლის მანძილზე ისეთ ვარსკვლავებს უმასპინძლა, როგორებიც რეი ჩარლზი, ბობ დილანი, ლუი არმსტრონგი და სტივი უანდერი არიან. მართალია, შოუმ სწრაფად მოიპოვა პოპულარობა, მაგრამ თავად კეში აღმოჩნდა უკმაყოფილო, რადგან მისთვის მუსიკალური კარიერა უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე ტელეწამყვანობა.
1971 წელს მუსიკოსი ისევ საყვარელ საქმეს დაუბრუნდა, ლირიკული ბალადების რამდენიმე ალბომი გამოუშვა და აქტიურად გააგრძელა გასტროლებით მოგზაურობა მთელი ამერიკის მასშტაბით. საერთო ჯამში კეშმა 1500-ზე მეტი სიმღერა ჩაწერა, რომელთა უმეტესობა ჰიტად იქცა, თუმცა მის სავიზიტო ბარათად მაინც კომპოზიცია Man in Black ითვლება, რომელიც სამართლიანობისთვის ბრძოლას მიეძღვნა, თავად მუსიკოსს კი, "ადამიანის შავებში" მეტსახელი შესძინა. "შავი ტანსაცმელი იმ ღატაკი და ჩაგრული ადამიანების სახელით მაცვია, ვინც ქალაქის ბინძურ, მშიერ კვარტლებში ცხოვრობს და არ აქვს მომავლის იმედი, შავი ტანსაცმელი იმ პატიმრების სახელით მაცვია, რომელთაც დიდი ხანია მოიხადეს სასჯელი, მაგრამ მაინც ციხეში არიან, რადგან დროის მსხვერპლად იქცნენ", - აღნიშნა მუსიკოსმა ერთ-ერთ ინტერვიუში, მოგვიანებით კი, მისი ციტატა უფლებებისთვის მებრძოლი მოძრაობების მთავარ ლოზუნგად იქცა.
* * *
მუსიკალური კარიერის პარალელურად, კეშმა კინოშიც მოსინჯა შესაძლებლობები და ჯერ ლემონტ ჯონსონის ფილმში "ორმხრივ სროლაში" გამოჩნდა, მერე ტელესერიალებში "კოლომბოში", "ჩრდილოეთსა და სამხრეთში" შეასრულა ეპიზოდური როლები, 2005 წელს კი, ჯეიმს მენგოლდმა დადგა ბიოგრაფიული ფილმი "იარე ზღვარზე", რომელიც მუსიკოსის ცხოვრებას მიეძღვნა და "ოსკართან" ერთად "ოქროს გლობუსის" სამი პრემიაც მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ თავად ჯონ კეში და მისი მეუღლე ჯუნ კარტერი თანამედროვე ჰოლივუდის ვარსკვლავებმა ხოაკინ ფენისქსმა და რიზ უიზერსპუნმა განასახიერეს.
მუსიკოსი 2003 წლის 12 სექტემბერს, მეუღლის გარდაცვალებიდან ზუსტად ოთხი თვის შემდეგ გარდაიცვალა დიაბეტით გამოწვეული გართულებებით. კეშის ახლობლების მტკიცებით, სწორედ ჯუნის დაკარგვა იქცა მუსიკოსისთვის უმძიმეს ტკივილად, რამაც ჯანმრთელობის გაუარესება გამოიწვია. სხვათა შორის, 2006 წელს სახლი ჰენდერსონვილეში, სადაც კეში მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა, 2,3 მილიონ დოლარად გაიყიდა, მყიდველი კი, ცნობილი ჯგუფის Bee Gees-ის ერთ-ერთმა წევრი ბარი გიბი აღმოჩნდა.