პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელი ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს. ამის მიზეზი დაბარების მიუხედავად საგამოძიებო კომისთან თანამშრომლობასა და პარლამენტში გამოცხადებაზე ხაზარაძის უარი გახდა. თავის მხრივ, „ძლიერი საქართველოს“ წევრები აღნიშნულ ფაქტს პოლიტიკურ დევნას უწოდებენ. აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო კომისიაში გამოცხადებაზე უარი ბადრი ჯაფარიძემაც განაცხადა. ჯაფარიძე თავის განცხადებაში წერს, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისია არის ერთპარტიული დაჯგუფება, რომელიც ცილისწამებისა და მოგონილი ბრალდებებით პოლიტიკური ოპონენტების გაშავებას ცდილობს. დღეს საგამოძიებო კომისიაზე შპს „მაგნატის“ მესაკუთრეს, ჯემალ ლეონიძესა და მის ადვოკატს მოუსმინეს.