ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან შესული მოსაკრებელი 74%-ით გაიზარდა . თუმცა, მონაცემებს თუ ჩავშლით, ვნახავთ რომ სათამაშო ბიზნესისთვის დაწესებულ მოსაკრებელსა და მათ მიერ მიღებულ შემოსავლებს შორის კოლოსალური სხვაობაა, რაც ამ ბიზნესის წარმოებას ჩვენს ქვეყანაში სულ უფრო მიმზიდველს ხდის. სხვათა შორის, მოსაკებელიც ძირითადად ნებართვების ხარჯზეა გაზრდილი. როგორც სტატისტიკა ცხადყოფს, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან და ასევე აზარტული თამაშების მოწყობის ნებართვიდან ჯამში 21 მლნ ლარზე მეტი შევიდა, რაც თითქმის 74%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. რაც შეეხება კონკრეტულად სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს, ბიუჯეტში, ამ წლის წლის 2 თვეში 2 მილიაონ 258 ათასი ლარი შევიდა, მაშინ როცა სამორინეს, სათამაშო აპარატების სალონის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს და წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვაზე მოსაკრებლის სახით 15.5მლნ ლარზე მეტი შეიტანეს. ზოგადად, აზარტული თამაშობები ის ბიზნესია, რომელიც ყოველწლიურად მზარდია. იზრდება როგორც მოსაკრებლიდან ბიუჯეტში შესული თანხა, ასევე ამ ბიზნესის ბრუნვა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებით, 2023 წელს (2024 წლის მონაცემები მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოქვეყნდება) სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ თითქმის 64 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 11 მილიარდ 647 მილიონი ლარით მეტია 2022 წელთან შედარებით. გასულ წელს სათამაშო ბიზნესის წილი ბიზნეს სექტორის მთლიან ბრუნვაში 31.2% იყო. ცნობისათვის, 2022 წელს ეს მაჩვენებელი 29%-ს შეადგენდა.