Moody’s-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი უცვლელად დატოვა, „სტაბილური“ პერსპექტივა კი „ნეგატიურით“ შეცვალა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი უცვლელად, Ba2 დონეზე დატოვა, თუმცა სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, პერსპექტივა სტაბილურიდან ნეგატიურზე შეცვალა, რაც ძირითადად, გამოწვეულია გეოპოლიტიკური რისკების ზრდის და მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით, რაც თავის მხრივ ზრდის ქვეყნის მოწყვლადობის ალბათობას. ამასთანავე, Moody’s-ის შეფასებით, 2025 წელს მოსალოდნელია საქართველოს ეკონომიკა, დაახლოებით, 6%-ით გაიზარდოს, ხოლო ვალი 2024-2026 წლებში სტაბილურ 35-36%-ის ფარგლებში დაფიქსირდეს. Moody’s-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ ქვეყანას აქვს ძლიერი ეკონომიკური და ფისკალური პოზიცია, რასაც ხელს უწყობს ისეთ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაგრძელებაც, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას. ანგარიშში ასევე, ხაზგასმულია, რომ საბანკო სექტორი მდგრადია, რაც აისახება მის მომგებიანობასა და კაპიტალისა და ლიკვიდურობის საიმედო მაჩვენებლებში, ეს კი ხელს უწყობს შოკების შემთხვევაში ბუფერების არსებობას. ამასთან, სარეიტინგო სააგენტოს მოლოდინით, საქართველო კვლავ შეინარჩუნებს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას და 2021-2023 წლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ფისკალური მდგომარეობა შენარჩუნდება მომდევნო წლებშიც, რაც აისახება ვალის ტვირთის შედარებით დაბალი დონით.