რა საერთო აქვს ე.წ „ფარას" ანალოგს რუსულ კანონთან - ამაზე მხარეთა პოზიციები განსხვავებულია. ოპოზიციის ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ კანონპროექტს, რომლის მიღებასაც „ქართული ოცნება“ გეგმავს, ამერიკულთან საერთო არაფერი აქვს და მისი მიზანი საქართველოში რეპრესიების გაძლიერებაა. ოპოზიციონერები ამბობენ, რომ აშშ-ში მოქმედი „ფარა-ს“ კანონი დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავისუფალი მედიის საქმიანობას არ უპირისპირდება, თუმცა „ქართული ოცნება“ სამოქალაქო სექტორის წინააღმეგ მოქმედებას სწორედ ამერიკული კანონის სახელს ამოფარებული ცდილობს. შედარებით განსხავებულია „გახარია-საქართველოსთვის“ გუნდის ხედვა. პარტიაში ამბობენ, რომ კანონში არსებული ჩანაწერები რუსული არაა, თუმცა აქვე განმარტავენ, რომ ის კანონი, რომლის მიღებასაც საქართველოს პარლამენტი გეგმავს, ამერიკულ მოდელზეა მორგებული და არა ქართულზე, რაც მათივე თქმით, ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს.