ირანი მზადაა ბირთვული პროგრამის პირობებთან დაკავშირებით აშშ-თან მოლაპარაკებებისთვის, თუმცა გარკვეული დათქმებით. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ვიდრე ვაშინგტონი ირანის მიმართ დაწესებულ სანქციებს არ შეარბილებს მოლაპარაკებები შეუძლებელია. ირანელ დიპლომატს მიაჩნია, რომ თეირანის მიმართ ვაშინგტონმა მიდგომები უნდა შეცვალოს. აშშ-ის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენელი სტივ უიტკოფი აღნიშნავს, რომ დონალდ ტრამპის მიმართვა ირანის სულიერი ლიდერის მიმართ, ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით სამხედრო მოქმედებების თავიდან არიდებისთვის გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. დონალდ ტრამპმა ირანის სულიერ ლიდერ აიათოლა ალი ხამენეის წერილი მარტის დასაწყისში გაუგზავნა და ულტიმატუმი წაუყენა. აშშ-ს პრეზიდენტი ირანს მოლაპარაკებებს სთავაზობს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამხედრო მოქმედებების დაწყებით ემუქრება.