საქართველოსთვის ჩინეთი უკვე ავტომობილების იმპორტიორი ქვეყნების სამეულშია. ზოგადად, საქართველოში ავტომობილების იმპორტი შემცირდა 23.3%-ით. საქსტატის მონაცემებით, წელს იანვარ-თებერვალში საქართველოში 19 765 ერთეული ავტომობილი შემოვიდა, წინა წლის იგივე პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 25 770 იყო. ამასთან, საანგარიშო პერიოდში თითქმის იგივე დარჩა ექსპორტის, უფრო ზუსტად კი რეექსპორტის მაჩვენებელი. კერძოდ, მიმდინარე წლის 2 თვეში, საქართველოდან 12 238 ერთეული ავტომობილი გავიდა, წინა წლის იანვარ-თებერვალში - 12 373 ცალი. რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც ვიყიდეთ და გავყიდეთ ავტომობილები, იმპორტიორებს შორის ლიდერი კვლავ აშშ, რომელსაც იაპონია და ახლა უკვე ჩინეთი მოსდევს. ბოლო ორი წელია ჩინეთმა ხუთეულში პირველად გადმოინაცვლა, ხოლო, ექსპორტში პირველ ადგილზე ისევ ყირგიზეთია.