* ნელი ბლაი -
ჟურნალისტიკის პოპულარობის მიუხედავად, XIX საუკუნეში ამერიკელი ქალბატონები მეტწილად მაინც საოჯახო მეურნეობაზე, მოდასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე წერდნენ მოკლე ისტორიებს. ერთ-ერთი პირველი, ვინც აქტუალურ თემებზე გაბედა საჯაროდ საუბარი, ახალგაზრდა ჟურნალისტი ნელი ბლაი იყო, რომელმაც ჯერ სიგიჟის სიმულირებით მოამზადა მამხილებელი რეპორტაჟი ქალთა სულით ავადმყოფთა კლინიკიდან, მერე რეკორდულ - 72 დღეში იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო.
* * *
ელისაბედ ჯეინ ქოქრანი 1864 წლის 5 მაისს დაიბადა პენსილვანიის შტატის პატარა ქალაქ ქოქრან-მილზში, რომელიც მისმა მამამ დააარსა. მაიკლ ქოქრანი პატივცემული პოლიტიკოსი და მოსამართლე იყო, რომელსაც ელისაბედის დედაზე - მერი-ჯეინ ქამინგზე დაქორწინებამდე პირველი მეუღლე, ორი ქორწინებიდან კი, 15 შვილი ჰყავდა.
მართალია, ოჯახის მაღალი სოციალური სტატუსისა და სტაბილური შემოსავლის წყალობით, საზრიანობითა და მახვილი გონებით გამორჩეულ ელისაბედს ყველაფრით უზრუნველყოფილი ბავშვობა ჰქონდა, მაგრამ 1870 წელს, მამის მოულოდნელად გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. მისტერ ქოქრანმა არ ისურვა ანდერძის დატოვება, რამაც შვილებს პირველი ქორწინებიდან სასამართლო დავის ინიციირების და მამის ქონების 15 ნაწილად გაყოფის საშუალება მისცა.
ელისაბედის დედას, რომელმაც მხოლოდ 16 დოლარი მიიღო ყოველკვირეულ შემოსავლად და 10 შვილის სარჩენად, ისევ გათხოვება მოუწია, თუმცა მესამე ქმარი არა უბრალოდ ღატაკი, არამედ მოძალადე ლოთიც აღმოჩნდა, რადგან არც მეუღლეს ინდობდა, არც შვილებს, რომლებიც მის დაცვას ცდილობდნენ. 1879 წელს მერი-ჯეინმა განქორწინება მოითხოვა, მოწმედ სასამართლო პროცესზე კი, მოზარდი ელისაბედი წარსდგა, რამაც დედასთან ერთად მის რეპუტაციასაც ნეგატიური დაღი დაასვა, რადგან იმ პერიოდში განქორწინება მორალური ნორმების დარღვევად ითვლებოდა.
მართალია, 15 წლის ელისაბედი მაქსიმალურად ცდილობდა სამუშაოს მოძიებას და დედის დახმარებას, მაგრამ ვიქტორიანულ ეპოქაში ძალიან რთული იყო ქალისთვის სამსახურის შოვნა. ფინანსური პრობლემების გამო ელისაბედმა პედაგოგიური კოლეჯიც კი დატოვა და პიტსბურგში გადაბარგდა, სადაც დედასთან ერთად გახსნა მცირე პანსიონი.
* * *
1882 წელს ადგილობრივ გამოცემაში The Pittsburgh Dispatch-ში ჟურნალისტის ერაზმუს უილსონის სტატია "რა საჭიროა ქალები" გამოქვეყნდა, რომლითაც ავტორმა ერთ-ერთი მკითხველის - ხუთი გაუთხოვარი ქალიშვილის შეწუხებულ მამას უპასუხა. უილსონის მტკიცებით, დასაქმებული ქალები ნამდვილი მონსტრები იყვნენ, რადგან სინამდვილეში, "სუსტი სექსის" წარმომადგენელთა ერთადერთი დანიშნულება საოჯახო მეურნეობის გაძღოლა იყო. სტატია იმდენად შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა ელისაბედისთვის, რომ "მარტოხელა ობლის" ფსევდონიმით მისწერა პასუხი გაზეთის რედაქტორს, რომელშიც არა მხოლოდ აღშფოთება გამოხატა, არამედ დეტალურად ახსნა საკუთარი წარმოდგენა ქალის როლზე საზოგადოებაში.
პასუხმა არც ამჯერად დააყოვნა. ახალგაზრდა მკითხველის სიმტკიცითა და პირდაპირობით აღფრთოვანებულმა რედაქტორმა ჯორჯ მედენმა 20 წლის ელისაბედს ჟურნალისტად მუშაობა და კვირაში 5 დოლარი შესთავაზა. სწორედ კრიტიკული წერილი იქცა ქოქრანის პირველ პუბლიკაციად, რომელმაც უარი თქვა "მარტოხელა ობლის" ფსევდონიმზე, ახალი სახელი კი, ცნობილი მუსიკოსის სტივენ ფოსტერის პოპულარულ სიმღერის Nelly Bly-ის სიყვარულით აირჩია, რადგან XIX საუკუნის მეორე ნახევარში ქალი ჟურნალისტები მეტწილად სწორედ ფსევდონიმით აქვეყნებდნენ სტატიებს.
* * *
მართალია, პიტსბურგის გაზეთში კარიერა ნელიმ კლასობრივი უთანასწორობის, ქალებსა და მამაკაცებს შორის არათანაბარი შესაძლებლობების პრობლემების განხილვით დაიწყო და მოცულობითი ესსეც გამოაქვეყნა პიტსბურგის ტექსტილის ფაბრიკის ფეიქრებზე, ქალების გაუსაძლის ცხოვრებაზე ღარიბ კვარტლებში და მარტოხელა დედებზე, რომლებიც ნებისმიერ ფასად ცდილობენ ფულის შოვნას მშიერი შვილების გამოსაკვებად, მაგრამ რედაქტორის მოთხოვნით მეტწილად მაინც ე.წ "ქალურ რუბრიკებზე" - დიასახლისებისთვის საინტერესო თემებზე მოუწია მუშაობა, რამაც მისი პროტესტი გამოიწვია.
მეტიც, 1886 წელს ბლაი საკუთარი ინიციატივით გაემგზავრა მექსიკაში, სადაც ჩანახატების მთელი სერია მოამზადა გაღატაკებულ მექსიკელებსა და კორუმპირებულ ჩინოვნიკებზე, რითაც ისე გააღიზიანა ადგილობრივი მთავრობა, რომ ქვეყნიდან გააძევეს. მართალია, ნელიმ ვერ შეძლო სასურველი მასალის სრულად შეგროვება, მაგრამ მისი სტატიები ჯერ Pittsburgh Dispatch-ში გამოქვეყნდა, მოგვიანებით კი, წიგნად გამოიცა და "ექვსი დღე მექსიკაში" ეწოდა.
სარისკო მოგზაურობიდან დაბრუნებულ ბლაის იმედი ჰქონდა, რომ მედენი ახლა მაინც დააფასებდა მის შრომას და მისცემდა სერიოზულ თემებზე მუშაობის უფლებას, თუმცა როცა რედაქტორმა ისევ მებაღეობაზე, ყვავილების გამოფენასა და ხილის ბაზრობაზე დაავალა სტატიის მომზადება, ბლაიმ საბოლოოდ გადაწყვიტა პიტსბურგის დატოვება და ნიუ-იორკში გადაბარგება, თუმცა მანამდე ძველ ნაცნობს, სტატიის "რა საჭიროა ქალების" ავტორს ერაზმუს უილსონს მისწერა მოკლე წერილი: "პატივცემულო უილსონ, მე ნიუ-იორკში მივემგზავრები, ამიტომ მიფრთხილდით".
* * *
1887 წელს ბლაიმ გაზეთ New York World-ში დაიწყო მუშაობა ჯოზეფ პულიცერის ხელმძღვანელობით, რომლის სახელი მოგვიანებით პრესტიჟულმა ჟურნალისტურმა პრემიამ შეიძინა. New York World-ში ნელიმ სრული თავისუფლება მიიღო და თამამად შეუდგა ნოვატორული, პროვოკაციული სტატიების წერას მისთვის საინტერესო თემებზე. ბლაიმ ჯერ ფაბრიკებისა და საწარმოების მეპატრონეები ამხილა უფლებამოსილების გადამეტებაში, მერე ჩინოვნიკებს დასდო ბრალი მათთვის ხელის დაფარებაში. გამბედავი ჟურნალისტი, რომელიც ყოველთვის აქტიურად ინტერესდებოდა რიგითი ამერიკელების პრობლემებით, ასობით მადლიერების წერილს იღებდა ყოველდღიურად, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ სწრაფად მოიპოვა აღიარება და ამერიკელების სიყვარული, რომელთაც ბლაის "ლედი-სენსაციის" მეტსახელი შეარქვეს.
* * *
ბლაის პირველ სერიოზულ დავალებად უჩვეულო და საკმაოდ სახიფათო ექსპერიმენტში მონაწილეობა იქცა, რომლის შეთავაზება თავად New York World-ის რედაქტორისგან მიიღო. პულიცერის ჩანაფიქრით, ნელის შეშლილად უნდა გაესაღებინა თავი, რათა ბლექუელის კუნძულზე, სულითა ავადმყოფ ქალთა კლინიკაში შეეღწია პაციენტად, 10-დღიანი ტუსაღობიდან გათავისუფლების შემდეგ კი, ვრცელი ანგარიში მოემზადებინა კლინიკაში მოქმედ წესებზე, პაციენტებისა და მედპერსონალის ყოველდღიურ ყოფაზე, რადგან ვრცელდებოდა ხმები, თითქოს არასახარბიელო რეპუტაციის კლინიკა უამრავი კოშმარულ საიდუმლოს მალავდა.
რა თქმა უნდა, ავანტიურისტი ჟურნალისტი დაუფიქრებლად დათანხმდა შეთავაზებას და ენთუზიაზმით შეუდგა მზადებას. სიგიჟის სიმულირება ნელიმ ყოველდღიური რეპეტიციით დაიწყო, როცა სარკესთან ცდილობდა შეშლილი გამომეტყველების შექმნას და იმ პანიკით შეპყრობილის მზერის დაჭრას, რომლითაც შეშლილები ხასიათდებიან. მოგვიანებით, წიგნში "ათი დღე საგიჟეთში" ბლაიმ აღნიშნა, რომ თვითონაც ძალიან აფრთხობდა ის შეშლილი, რომელიც გადმოკარკლული თვალებით აშტერდებოდა სარკიდან.
ბლაიმ სპეციალისტებთანაც კი გაიარა კონსულტაცია ფსიქიკურად აშლილთა ბუნების უკეთ გასაგებად, მერე კი, საკუთარი პერსონაჟი, რომელსაც ნელი ბრაუნი დაარქვა, გარეგნული დეტალებით შეავსო და ბინძურ, დახეულ სამოსში გამოწყობილი, დაუბანელი პირითა და დაუვარცხნელი თმით გავიდა საბორიალოდ ნიუ-იორკის ქუჩებში, იმედით, რომ პოლიცია შეამჩნევდა და თვითონ მიაბრძანებდა იქ, სადაც საჭირო იყო.
თუმცა, ბლაის მონდომებამ არ გაამართლა, რადგან ნიუ-იორკის ქუჩები მის გარეშეც სავსე იყო უსახლკარო მაწანწალებით. ნელიმ სწრაფად შეიმუშავა ახალი გეგმა და გაღატაკებული ქალების დროებით თავშესაფარში დაბინავდა, სადაც უცნაური ქცევით - საკუთარ თავთან საუბრით, მუდმივად სარკეში ყურებით და დაძინებაზე უარის თქმით მიიქცია თავშესაფრის მეპატრონის ყურადღება, რომელმაც დიდხანს აღარ იფიქრა და პრობლემების თავიდან ასაცილებლად გამოიძახა პოლიცია.
სასამართლოს გადაწყვეტილებით ნელიმ ბელვიუს ცნობილ ჰოსპიტალში გაიარა სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც კონსილიუმმა ჩაატარა ხუთი ექიმის შემადგენლობით. მართალია, ერთ-ერთმა მედიკოსმა თავიდანვე ეჭვი გამოთქვა, რომ პაციენტი სრულიად ჯანმრთელი იყო და მხოლოდ სიმულირებდა სიგიჟეს, მაგრამ მისი ვარაუდი არავინ გაითვალისწინა და ნელიც დაუყოვნებლივ გადაიყვანეს New York City Lunatic Asylum-ის სამკურნალო დაწესებულებაში.
* * *
მართალია, ბლექუელის ფსიქიატრიული კლინიკა, სადაც ბლაი მოხვდა, თავიდან ჰუმანიზმისა და ნოვატორული მკურნალობის ეტალონად ითვლებოდა, მაგრამ დაფინანსების შეწყვეტისა და გამოცდილი მედიკოსების სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ, სამკურნალო დაწესებულება ჯოჯოხეთურ საპატიმროს დაემსგავსა, მით უფრო, რომ სანიტრებად სწორედ პატიმრები მუშაობდნენ მეზობლად მდებარე ციხიდან.
ჩანაწერებში ნელიმ დეტალურად აღწერა კლინიკის მთელი კოშმარი, გაბოროტებული მედპერსონალი და საბრალო პაციენტები, რომელთა უმეტესობა აბსოლუტურად ნორმალური, სრულიად ჯანმრთელი იყო და მხოლოდ იძულებით აღმოჩნდა ფსიქიატრიულ კლინიკაში. საზარელი აღმოჩნდა სნეულთა მოვლისა და მკურნალობის მეთოდებიც. ბლაის განცხადებით, ვახშამზე პაციენტებს მხოლოდ გამხმარ პურსა და რამდენიმე ქლიავს სთავაზობდნენ, მერე კი, ძალით მიჰყავდათ სააბაზანოში, სადაც ექიმები ვედროებით ასხამდნენ გაყინულ წყალს. ამასთანავე, საბრალო ქალებს სისტემატურად სცემდნენ, აშიმშილებდნენ და უკრძალავდნენ ლაპარაკს, არ აძლევდნენ დაძინების უფლებას, ფსიქოლოგიურად ზემოქმედებდნენ და სპეციალურად პროვოცირებდნენ მათ ისტერიულ შეტევებს.
ნელის მტკიცებით, მსგავს კლინიკაში აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანიც ერთი თვეში შეიშლებოდა ჭკუიდან, ამიტომ თამამად მიმართა ექიმებს, მიუთითა შეცდომებზე და პაციენტებისადმი დამოკიდებულების შეცვლისკენ მოუწოდა, თუმცა საპასუხოდ მხოლოდ მძიმე სასჯელი და კლინიკის იმ ნაწილში გადაყვანა დაიმსახურა, სადაც განსაკუთრებით სახიფათო პაციენტები ჰყავდათ გამომწყვდეული.
საბედნიეროდ, ნელის ტანჯვა 10 დღეში დასრულდა, როცა პულიცერმა საკუთარი ადვოკატი მიავლინა ბლექუელში ჟურნალისტის დასახსნელად. მართალია, მხილების შემდეგ კლინიკის პერსონალმა ბოდიში მოიხადა, თავის გამართლება და სტატიის გამოქვეყნების აკრძალვა სცადა, მაგრამ ბლაისთვის მსგავსი მცდელობა უფრო გამაღიზიანებელი აღმოჩნდა. ნელიმ დეტალურად მოუთხრო მკითხველს პერსონალის სადისტურ მიდრეკილებებზე, პაციენტების მიმართ არაადამიანურ დამოკიდებულებასა და მედიკოსების არაკომპეტენტურობაზე.
მართალია, სტატიამ, რომელსაც ბომბის აფეთქების ეფექტი ჰქონდა, ბლაი გმირად აქცია, მაგრამ თამამ ჟურნალისტს ბლექუელის კლინიკის პაციენტების ბედი უფრო აღელვებდა, ვიდრე საკუთარი პოპულარობა, ამიტომ ერთი თვის შემდეგ ოფიციალურად ეწვია სამკურნალო დაწესებულებას და დარწმუნდა, რომ არა მხოლოდ მედპერსონალი შეიცვალა, არამედ კლინიკის ბინადრების მდგომარეობაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
* * *
1888 წელს ბლაიმ ახალ თავგადასავალში ჩაბმა და მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა გადაწყვიტა. ჟურნალისტის მთავარ მიზნად ჟიულ ვერნის რომანის "80 დღე დედამიწის გარშემო" მთავარი გმირის მისტერ ფილეას ფოგის რეკორდის დაძლევა იქცა. ნელიმ თამამად განუცხადა პულიცერს, რომ 75 დღეში შეძლებდა დედამიწის შემოვლას და არც ამჯერად შეირცხვინა თავი. მეტიც, წინასწარ შედგენილი მარშრუტი, რომელმაც სტარტი საფრანგეთში აიღო, ევროპის ქვეყნებში გაგრძელდა და იაპონიის, სინგაპურისა და ცეილონის სტუმრობით დასრულდა, ბლაიმ 72 დღეში დაძლია. ამასთანავე, ყველა ქვეყანაში თავშესაქცევ რეპორტაჟებს ამზადებდა, რომელთაც New York World-ის რედაქციას უგზავნიდა და მრავალრიცხოვან მკითხველს საკუთარ შთაბეჭდილებებს უზიარებდა.
მოგზაურობიდან დაბრუნებულ ბლაის ძალიან გაუჭირდა ფარულად მუშაობა და საიდუმლო რეპორტაჟების მომზადება, რადგან პოპულარულ ჟურნალისტს მთელი ამერიკა იცნობდა, ამიტომ საკუთარი ნებით დატოვა პულიცერის გაზეთი, 1895 წელს კი, ყველასთვის მოულოდნელად გაჰყვა ცოლად შეძლებულ მეწარმეს რობერტ სიმენს, რომლის გარდაცვალების შემდეგ თავად ჩაუდგა სათავეში მის წარმოებას. თუმცა, ბიზნესში ბლაის ნაკლებად გაუმართლა, რადგან ყველა საწარმო ერთიანად გაკოტრდა, რამაც ისევ ჟურნალისტიკაში დაბრუნება აიძულა. ერთ-ერთ ბოლო დავალებად უკვე ასაკოვანი ჟურნალისტისთვის პირველი მსოფლიო ომის დროს დასავლეთ ფრონტზე მიმდინარე მოვლენების გაშუქება იქცა.
ნელი ბლაი 1922 წელს გარდაიცვალა პნევმონიის გართულებით. მისი სახელი სამუდამოდ დარჩა ამერიკელი ქალების დიდების ნაციონალურ დარბაზში, თამამი და გამბედავი ჟურნალისტის სახე კი, რომელიც სწორედ ბლაის განსახიერებად იქცა, დღემდე პოპულარობით სარგებლობს ამერიკულ კინოსა და ლიტერატურაში.