ჰანს ციმერი -
ლეგენდარული კომპოზიტორი ჰანს ციმერი, რომელმაც ფილმებისთვის "გლადიატორისთვის", "წვიმის კაცისა" და "კარიბის ზღვის მეკობრეებისთვის" შექმნილი მუსიკით გაითქვა სახელი, 100-ზე მეტი მუსიკალური ნაწარმოების ავტორი და "ოსკარის" მრავალგზის ნომინანტია. მეტიც, ციმერის სახელი ტიტრებში - თითქმის ყოველთვის წარმატებას ნიშნავს, ისე თითქოს კომპოზიტორმა წინასწარ იცის, რომელი ფილმი გახდება ჰიტი, თუმცა სინამდვილეში, სწორედ მისი მონაწილეობა განსაზღვრავს პროექტის პოპულარობას.
* * *
ჰანს ფლორიან ციმერი 1957 წლის 12 სექტემბერს დაიბადა გერმანიაში, მაინის ფრანკფურტში. მართალია, მის მშობლებს არ ჰქონდათ სახლში ტელევიზორი, მაგრამ ჰქონდათ როიალი, რომელსაც პატარა ჰანსი მთელი დღის მანძილზე "აწვალებდა", რადგან ჯერ კლავიშებს უკაკუნებდა, მერე კი, "გაუმჯობესების" მიზნით მისი დაშლას ცდილობდა. "დედა მუსიკოსი იყო, მამა კი, ინჟინერ-გამომგონებელი, როგორც ჩანს, ორივეს გენი გამომყვა, ამიტომ მთელი ბავშვობა ჯერ როიალზე დაკვრა, მერე მის დაშლა მინდოდა. რა თქმა უნდა, დედა ძალიან ბრაზობდა, თუმცა მამა იყო უსაზღვროდ ბედნიერი, როცა ინსტრუმენტს ჩაქუჩით და სხვა იარაღით ვუტრიალებდი, რადგან ჩემს მონდომებაში მუსიკალური ტექნოლოგიების განვითარების სურვილს ხედავდა", - ღიმილით გაიხსენა მოგვიანებით კომპოზიტორმა.
* * *
კინოკომპოზიტორობა ციმერმა 12 წლის ასაკში გადაწყვიტა სერჯიო ლეონეს ფილმის "ერთხელ ველურ დასავლეთში" ნახვის შემდეგ, როცა ენიო მორიკონეს მუსიკით მოიხიბლა, რადგან რეჟისორისა და მსახიობების ბრწყინვალე ნამუშევრის მიუხედავად, სწორედ იტალიელი კომპოზიტორის მუსიკამ აქცია სპაგეტი-ვესტერნი ნამდვილ შედევრად.
თუმცა, კინოინდუსტრიაში, განსაკუთრებით ჰოლივუდში მოხვედრა არც ისე ადვილი აღმოჩნდა, ამიტომ 1970-იანი წლების ბოლოს ციმერი ბრიტანეთში გადასახლდა, სადაც სხვადასხვა ჯგუფებში უკრავდა ფორტეპიანოზე. მომავალ კომპოზიტორს ძალიან გამოადგა ბავშვობაში შეძენილი გამოცდილება, რადგან უკვე ზრდასრულმა გერმანული პედანტიზმით შეისწავლა ელექტროპიანინოს შესაძლებლობები. მართალია, ჯგუფის შემადგენლობაში ციმერს ნაკლებად გაუმართლა, მაგრამ როგორც ხმის ინჟინერმა და გამომგონებელმა სწრაფად მოიპოვა კოლეგების პატივისცემა, მით უფრო, რომ კარგი ტექნიკოსი ყოველთვის ფასობდა ბრიტანულ მუსიკალურ ინდუსტრიაში.
* * *
1982 წელს ციმერმა ცნობილი კინოკომპოზიტორი, 60-მდე საუნდთრეკის, მათ შორის ფილმის "ირმებზე მონადირის" მუსიკის ავტორი სტენლი მაიერსი გაიცნო, რომელმაც თანამშრომლობა შესთავაზა და რადიკალურად შეცვალა მთელი მისი ცხოვრება. ციმერის განცხადებით, ბრწყინვალე დუეტი შეიქმნა, რადგან სიმფონიური ორკესტრისთვის მუსიკის წერაში გაწაფულ მაიერსს წარმოდგენა არ ჰქონდა ელექტრონიკაზე, თვითონ კი, პირიქით, ბრწყინვალედ ორიენტირებდა ელექტრონულ მუსიკაში, თუმცა არ შეეძლო ორკესტრთან მუშაობა.
პარტნიორებმა იდეალურად შეავსეს ერთმანეთი. მაიერსის ასისტენტის რანგში ციმერმა რამდენიმე საუნდთრეკი შექმნა, მერე კი, დამოუკიდებლად დაიწყო მუშაობა. 1987 წელს ჯერ "სასიკვდილო ექსპოზიცია" და "ორად გაყოფილი სამყარო" გაფორმდა მისი მუსიკით, მერე კი, ბერნარდო ბერტოლუჩის "უკანასკნელი იმპერატორი" გამოვიდა, რომლის საუნდთრეკის პროდიუსერობა სწორედ ციმერმა ითავა.
* * *
ძალიან გაუმართლა კომპოზიტორს, როცა ბარი ლევინსონმა შესთავაზა თანამშრომლობა და ბრწყინვალე დრამისთვის "წვიმის კაცისთვის" თხოვა მუსიკის დაწერა. ციმერი სიხარულით დათანხმდა შეთავაზებას და მეტად უჩვეულო მუსიკალური ნაწარმოები შექმნა, რომლის წამყვან ინსტრუმენტებად სინთეზატორი და ფოლადის დრამები აქცია. მართალია, ლევინსონის ნამუშევართან ერთად ციმერის საუნდთრეკიც "ოსკარის" ნომინანტი გახდა, მაგრამ პრემია "წვიმის კაცმა" მხოლოდ საუკეთესო ფილმის კატეგორიაში დაიმსახურა.
საერთო ჯამში კომპოზიტორი 12-ჯერ იქნა ნომინირებული კინოაკადემიის პრემიაზე, თუმცა მხოლოდ ერთხელ მიიღო, 1994 წელს გამოსული ანიმაციური ფილმის "მეფე ლომისთვის" შექმნილი მუსიკისთვის.
* * *
უცნაურია, მაგრამ ციმერს ძალიან არ უყვარს მუსიკის წერა ფილმის ვიზუალურ რიგსა ან სცენარზე მორგებით. კომპოზიტორის განცხადებით, მისი ნამუშევარი ბევრად ძლიერი და ეფექტურია, როცა რეჟისორთან ერთად განიხილავს მის ჩანაფიქრს, მერე კი, სიუჟეტის საილუსტრაციოდ ქმნის მუსიკას, რომელიც სრულად ხსნის ფილმის მთავარ იდეას.
სხვათა შორის, "ინტერსტელარზე" მუშაობისას კრისტოფერ ნოლანს, რომელიც კარგად იცნობდა ციმერის პროფესიულ თავისებურებას, არც უფიქრია აეხსნა მისთვის, რომ ფანტასტიკურ მოგზაურობაზე იღებდა ფილმს და მხოლოდ რამდენიმე სიტყვით მოუთხრო მთავარ გმირზე - ახალგაზრდა მამაზე, რომელიც მეტად მნიშვნელოვანი მისიის შესრულების გამო ტოვებს სახლს და შვილებს.
უცნაურმა კომპოზიტორმა არც ამ შემთხვევაში შეირცხვინა თავი და ზუსტად ის მუსიკა შექმნა, როგორიც ნოლანს წარმოედგინა. "სწორედ არაფორმალური საუბრისა და იდეების ურთიერთგაცვლის დროს იბადება საუკეთესო მუსიკა", - აღნიშნა ციმერმა, რომელმაც დიდად დააფასა ნოლანის მიერ მინიჭებული თავისუფლება და ძალიან შეწუხდა "შერლოკ ჰოლმსზე" მუშაობისას, რადგან როგორც აღმოჩნდა, გაი რიჩი მუდმივად თავზე ადგა და ყველა წვრილმანის გაკონტროლებას ცდილობდა.
მართალია, ციმერი პერფექციონისტია, რაც უდავოდ დადებით თვისებად ითვლება, მაგრამ მის სწრაფვას სრულყოფილებისკენ უარყოფითი მხარეც აღმოაჩნდა, რადგან როგორც თავად აღიარა, ზოგჯერ იდეალური შედეგის ვერ მიღწევის შიშით ამბობს უარს მუშაობაზე, მერე კი, ძალიან ნანობს, რადგან ხვდება, რომ ბრწყინვალე მუსიკის შექმნა შეეძლო.