უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის შემდეგ მას დონალდ ტრამპთან ჯერ არ უსაუბრია. ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ სატელეფონო კომუნიკაცია უახლოეს დღეებში განხორციელდება და უკრაინის ლიდერისთვის აშშ-ისა და რუსეთის მოლაპარაკების დეტალები ცნობილი გახდება. მისი განცხადებით, უკრაინა ყოველთვის მხარს უჭერდა პოზიციას, რომ ენერგეტიკაზე დარტყმები არავითარი იარაღით არ განხორციელებულიყო. ომში მყოფი ქვეყნის ლიდერის თქმით, უკრაინელებისთვის აშკარაა, რომ ტრამპისა და პუტინის შეთანხმებები ჯერ არ მუშაობს, ვინაიდან, მათი საუბრის დასრულების შემდეგ უკრაინაში საჰაერო განგაში ისმოდა.