საქართველოში ფულადი გზავნილები შემცირდა - Palitra News

საქართველოში ფულადი გზავნილები შემცირდა

2025-03-18 13:40:39+04:00

საქართველოში ფულადი გზავნილები შემცირდა. მიმდინარე წლის თებერვალში, საქართველოში გადმორიცხული გზავნილების მოცულობამ 252 მლნ დოლარს გადააჭარბა, რაც 5,3%-ით, ანუ დაახლოებით 14 მლნ დოლარით ნაკლებია გასული წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. აღსანიშნავია, რომ წელს თებერვალში გზავნილების შემცირება ძირითადად დაკავშირებულია რუსეთის ფედერაციიდან გადმორიცხული თანხების 44.7%-იან კლებასთან. კერძოდ, სებ-ის მონაცემებით წელს თებერვალში ჩრდილოეთიდან 30 მლნ დოლარზე მეტი გადმორიცხა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი თითქმის 55 მლნ დოლარი იყო. ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95,1% იმ 22 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა თებერვალში თითოეულზე 1 მლნ დოლარს აღემატებოდა. ყველაზე დიდი მოცულობის თანხა, 47 მილიონ დოლარზე მეტი გადმოირიცხა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, შემდეგ პოზიციებს კი პირველ ხუთეულში იკავებენ იტალია, რუსეთს ფედერაცია, ისრაელი, გერმანია და საბერძნეთი.

ამასთან, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2025 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 28.7 მლნ დოლარი გადაიგზავნა. რაც გასული წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2% ნაკლებია.