საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა „ინტერპრესნიუსის“ სპეციალურ კორესპონდენტთან საუბრისას განაცხადა, რომ ევროკავშირი ზეწოლას განაგრძობს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობენ. ამ განცხადებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დადებითად აფასებენ. მათივე განცხადებით, დასავლეთის მხრიდან მოსალოდნელი იყო ასეთი დამოკიდებულება “ქართული ოცნების” წევრების მიმართ. ამავდროულად, მმართველ პარტიაში განსხვავებული მოსაზრება აქვთ. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამ ფაქტს ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშ ჩარევას უწოდებენ. მამუკა მდინარაძე კაია კალასის ამ განცხადებას “ანტიქართულს” უწოდებს და ამბობს, რომ ეს არის ევრობიუროკრატია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ევროპის შესახებ წარმოდგენებს აზიანებს.