კრემლის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი თანახმაა, უკრაინასთან ცეცხლის 30 დღით შეწყვეტაზე თუ კრიზისის ძირეული მიზეზები აღმოიფხვრება. პუტინის თქმით, „იდეა კარგია“, მაგრამ არის „ნიუანსები“, რომლებიც განხილვას საჭიროებს. აშშ-ის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინთან კომუნიკაციის მზაობას გამოთქვამს. პარალელურად, ევროკავშირი რუსეთზე ზეწოლას აძლიერებს. ბლოკი სანქციებს თითქმის 2 400 ფიზიკური პირისა და ორგანიზაციის მიმართ, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიის გამო, ძალაში კიდევ 6 თვით დატოვებს. ურსულა ფონ დერ ლაიენის განმარტებით, სასანქციო ზომებს შორისაა მოგზაურობის აკრძალვა, აქტივების გაყინვა, დაფინანსებისა და რესურსების აკრძალვა. რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებიც, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მოსკოვს ახალი სანქციების დაწესებით ემუქრებიან.