* მუკეშ ამბანი -
ექსცენტრიკული ბიზნესმენი მუკეშ ამბანი არა მხოლოდ ინდოეთის, არამედ აზიის უმდიდრესი ადამიანია. გასულ თვეში უმსხვილესმა ამერიკულმა ფინანსურმა საინფორმაციო კომპანია Bloomberg-მა აზიის 20 ყველაზე შეძლებული ოჯახის ნუსხა გამოაქვეყნა, რომელთა შემოსავალმა საერთო ჯამში ასეულობით მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
90,5 მილიარდი დოლარით პირველი პოზიცია ნუსხაში ამბანის ოჯახმა დაიკავა, რომლის მფლობელობაში არსებული კონგლომერატი Reliance Industries ერთის მხრივ, ნავთობწარმოებას და მწვანე ეკოლოგიას, მეორეს მხრივ, ტექნოლოგიებსა და საცალო ვაჭრობის სფეროს აკონტროლებს, მისი ყოველწლიური შემოსავალი კი, 100 მილიარდ დოლარს აჭარბებს.
უმდიდრესი ადამიანების რეიტინგის მუდმივი წევრია ოჯახის უფროსი მუკეშ ამბანიც, რომლის კაპიტალმა 2025 წლის დასაწყისში116 მილიარდი დოლარი შეადგინა და მე-9 პოზიციით მოხვდა Forbes-ის სიაში. ამასთანავე, ამბანი უნიკალური სახლის Antilia-ს მფლობელია, რომელიც 1 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.
* * *
ბიზნეს-იმპერია მუკეშმა მამისგან დჰირუბჰაი ამბანისგან მიიღო მემკვიდრეობით, რომელმაც სოფლის რიგით მასწავლებლად დაიწყო მუშაობა და მსხვილ მეწარმემდე შეძლო განვითარება, თუმცა ოჯახმა სწორედ მუკეშის ხელმძღვანელობით შეძლო უზარმაზარი კაპიტალის დაგროვება, რომელმაც საკუთარი საზრიანობისა და გონებაგამჭრიახობის წყალობით განახორციელა სწორი სტრატეგიული სვლები და ერთი-ორად გაზარდა ინვესტიციების შემოსავალი.
ბიზნესის გონივრულად წარმოებაში აბანის პირველ რიგში, ევროპასა და ამერიკაში გატარებული წლები და დასავლური განათლება დაეხმარა, რადგან ინდოელ ბიზნესმენებს შორის პირველი მიხვდა რამდენად მნიშვნელოვანი იყო ინტერნეტის განვითარება და ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ, საბოლოოდ მაინც დაიყოლია მამა დაებანდებინა ფული ახალ წამოწყებაში.
მართალია, უფროს ამბანის, რომელიც ნავთობგადამამუშავებელ კომპანიას ფლობდა, ნაკლებად სჯეროდა ახალი ბიზნესის წარმატების, მაგრამ მაინც დაჰყვა შვილის ნებას, რომელმაც სწორედ მამის ფინანსების გონივრულად გამოყენებით შეძლო ტელეკომუნიკაციური ქსელების სისტემის გამართვა და მონოპოლისტად ქცეულმა ყველასთვის ხელმისაწვდომად აქცია ინფორმაციის უწყვეტ რეჟიმში მიღება.
რა თქმა უნდა, მუკეშმა არც ნავთობგადამამუშავებელ ბიზნესზე თქვა უარი. მეტიც, მამის გარდაცვალების შემდეგ, ჯერ უმცროს ძმასთან - ანილთან მოუვიდა სერიოზული კონფლიქტი, რომელსაც კომპანიის ვიცე-პრეზიდენტის პოსტის დატოვება აიძულა, მერე ოჯახის მთელი აქტივები საკუთარ ხელში აიღო და ერთპიროვნულად შეუდგა კომპანიის მართვას.
* * *
მუკეშ ამბანი 1957 წლის 19 აპრილს დაიბადა იემენის ქალაქ ადენში. აღსანიშნავია, რომ ამბანის დინასტია ბანიას იმავე მოვაჭრეთა კასტას მიეკუთნება, რომელსაც მაჰათმა განდი წარმოადგენდა. მუკეშის მამამ წარმოშობით ინდოელმა დჰირუბჰაი ამბანიმ საკმაოდ ახალგაზრდამ დატოვა სამშობლო და სიღატაკისგან თავის დასაღწევად გადაბარგდა იემენში. ამბანი ჯერ მძღოლად, მტვირთავად, მერე კი, სოფლის სკოლაში მუშაობდა არითმეტიკის მასწავლებლად, თუმცა ბედმა გაუღიმა და ნაცნობების წყალობით ადენის პორტში, ადმინისტრაციული სამსახურში მიიღო მდივნის პოსტი.
ბრიტანელების მმართველობის ქვეშ არსებულ პორტში ამბანის საკმაოდ მაღალი ანაზღაურება ჰქონდა, რისი წყალობით მცირე კაპიტალის დაგროვება და საკუთარი საქმის დაწყება შეძლო. ახალბედა მეწარმე მეტწილად სანელებლებით ვაჭრობდა, მშობლიურ ინდოეთში დაბრუნებულმა კი, ბიძაშვილთან ერთად გააფართოვა ბიზნესი, კომპანია The Reliance Commercial Corporation დააარსა და ტექსტილით შეუდგა ვაჭრობას. მოგვიანებით, სწორედ უფროსი ამბანის კომპანიამ შეძლო პროფილის დივერსიფიცირება და სხვადასხვა დარგის გაერთიანება - ნავთობის გადამუშავებით დაწყებული, ტელეკომუნიკაციებითა და საცალო ვაჭრობით დასრულებული.
* * *
მუკეშ ამბანიმ, რომელიც და-ძმას შორის ყველაზე უფროსი, ამიტომ მამის პირდაპირი მემკვიდრე იყო, ჯერ ბომბეის უნივერსიტეტში მიიღო ბაკალავრის ხარისხი ქიმიური ინჟინერიის სპეციალობით, მერე სტენფორდის უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა ბიზნეს-ადმინისტრატორის მაგისტრის ხარისხის მისაღებად, თუმცა 1981 წელს, უარი თქვა სწავლის გაგრძელებაზე და ინდოეთში დაბრუნდა, რათა მამას დახმარებოდა ბიზნესის განვითარებაში.
2002 წელს უფროსი ამბანის გარდაცვალების შემდეგ მუკეშს და მის უმცროს ძმას ანილს სერიოზული უთანხმოება მოუვიდათ, რამაც დედას - კოკილაბენ ამბანის შვილებისთვის ოჯახური ქონების გაყოფა აიძულა. შედეგად მუკეშმა ნავთობის, გაზის და ნავთობქიმიის, ნავთობგადამამუშავებელ და საწარმოო აქტივებზე მიიღო კონტროლი, უმცროსმა ანილმა კი, ტელეკომუნიკაციების, ენერგეტიკისა და საფინანსო მომსახურების სფეროები ჩაიბარა.
აღსანიშნავია, რომ ძმები ყოველთვის რადიკალურად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. კონსერვატორი მუკეში ახალგაზრდობიდანვე ძალიან საქმიანი და სერიოზული იყო, მაქსიმალურად ერიდებოდა საჯაროობას და ყოველთვის კარჩაკეტილ ცხოვრებას მისდევდა. ადრე იქორწინა ნაკლებად შეძლებულ, თუმცა პატივცემული ოჯახის წარმომადგენელზე - ჩვეულებრივ სკოლის მასწავლებელზე - ნიტე ვარმაზე, რომელიც მამამ შეურჩია და მშვიდად გააგრძელა ბიზნესის მართვა.
საოცრად კომუნიკაბელური ანილს კი, პირიქით, პენსილვანიაში, უორტონის ბიზნესის სკოლაში სწავლის წყალობით, ბევრად თავისუფალი შეხედულებები ჩამოუყალიბდა, არ ცნობდა არც დოგმებს, არც შეზღუდვებს, ამიტომ ცოლიც მამის სურვილის წინააღმდეგ მოიყვანა. მართალია, დჰირუბჰაი ამბანი ნაკლებად იზიარებდა შვილის სიმპათიას ბოლივუდის ცნობილი მსახიობის ტინა მუნიმას მიმართ, რომელიც ანილზე სამი წლით უფროსი იყო, მაგრამ საბოლოოდ მაინც დაჰყვა მის ნებას.
თუმცა, ანილი არა უბრალოდ საჯარო ცხოვრებას მისდევდა, არამედ ჟურნალისტებთანაც ინტენსიურად ურთიერთობდა, რისი წყალობით ძმაზე ადრე მოიპოვა პოპულარობა, 1998 წელს კი, გავლენიანი ჟურნალისგან Business India-გან "წლის ბიზნესმენის" სტატუსი დაიმსახურა. მართალია, სანამ მამა ცოცხალი იყო, ძმები ერთად მუშაობდნენ, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ, ცოდნისა და გამოცდილების გაერთიანების ნაცვლად, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რამაც სერიოზული სკანდალი გამოიწვია.
მუკეშმა, რომელიც ყველაფრის გაკონტროლებას თვითონ ცდილობდა, ეტაპობრივად ჩამოაშორა ძმა კომპანიის მმართველობას. მართალია, მანამდე ანილი ინვესტიციებს განკარგავდა, მაგრამ 2004 წელს ფინანსების მართვაზე მთელი პასუხისმგებლობა მუკეშის ხელში გადავიდა, რომელიც დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელობდა. არ დაიხია უკან არც ანილმა, რომელმაც ღია წერილი გამოაქვეყნა პრესაში და ძმა კორპორატიული კულტურის დარღვევასა და ოჯახური ბიზნესის დანგრევაში დაადანაშაულა, რამაც ბაზარზე Reliance Industries-ის აქციების მკვეთრი ვარდნა გამოიწვია.
სხვათა შორის, კონფლიქტის დროს ძმები ერთ სახლში - 14-სართულიან ფეშენებელურ შენობაში ცხოვრობდნენ, რამაც ოჯახის წევრებს სპეციალური პერსონალის დაქირავება აიძულა. მოსამსახურეები 24-საათიან რეჟიმში აკონტროლებდნენ ძმებს, რათა შემთხვევით ერთმანეთს არ შეხვედროდნენ. ზედმეტად გაგრძელებული კონფლიქტის დასრულება დედამ ითავა, რომელმაც შვილებს ბიზნესის გაყოფა აიძულა. მართალია, ძმებმა რამდენიმე წლის მანძილზე კიდევ გააგრძელეს დავა სასამართლოში, მაგრამ 2010 წელს აქტივების განაწილების შემდეგ საბოლოოდ დაშორდნენ ერთმანეთს.
* * *
მუკეშ ამბანიმ, რომელმაც ჯერ კრიკეტის სუპერ-ლიგის გუნდი Mumbai Indians შეიძინა, მერე ინდური ფეხბურთის სუპერლიგა შექმნა, 2006 წელს კომპანია Reliance Retail დააარსა, რომელმაც საცალო მაღაზიებთან ერთად ინტერნეტ-მაღაზიებიც გააერთიანა და თითქმის 250 მილიონი კლიენტით სწრაფად იქცა ინდოეთის უმსხვილეს რეთეილერად.
10 წლის შემდეგ კი, ამბანიმ ახალი კომპანია Jio Platforms შექმნა, რომელიც მართალია, მოკრძალებით შეუდგა ტელეკომუნიკაციების ბაზარზე ვაჭრობას, მაგრამ წარმატებით აღებული სტარტის წყალობით და 4G-ს პირველი საერთო ეროვნული ქსელის შექმნით, ნამდვილი რევოლუცია მოახდინა მობილური ინტერნეტის განვითარებაში. ამბანის კომპანია იქცა პიონერად 5G-ქსლის გამართვაშიც, რომლის მომხმარებელთა რიცხვმა რამდენიმე წელიწადში გადააჭარბა 50 მილიონს.
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს Facebook-ის მფლობელმა კორპორაცია Meta-მ 5,7 მილიარდ დოლარად შეიძინა Jio Platforms-ის აქციების 9, 99%, რაც უმსხვილეს ინვესტიციად იქცა არა მხოლოდ ტექნოლოგიური კომპანიის მინორიტარულ წილში, არამედ უმსხვილესი უცხოური კაპიტალდაბანდება გახდა ინდოეთის ტექნოლოგიურ სექტორში. 2022 წელს Meta-მ და Jio Platforms-მ პირველებმა აამოქმედეს ერთგვარი სამომხმარებლო სერვისი, რომლის წყალობით მომხმარებელმა JioMart-ს ონლაინ-პლატფორმიდან შეძლო WhatsApp-ის დამატებაში სასურველი ნივთის შეძენა.
2023 წელს ამბანიმ თამამდ განაცხადა, რომ სწორედ Jio Platforms გახდებოდა პირველი კომპანია, რომელიც 6G-ს განავითარებდა და ამ შემთხვევაშიც სრულად გაამართლა მოლოდინი, რადგან 470 მილიონი აბონენტით უმსხვილეს მობილურ ოპერატორად იქცა ინდოეთში, მსოფლიო რეიტინგში კი, მესამე პოზიცია დაიკავა.
ამბანის ერთ-ერთ უკანასკნელ უმსხვილეს პროექტად The Walt Disney Company-სთან გაფორმებული კონტრაქტი იქცა. სწორედ ამერიკულ კომპანიასთან გარიგების წყალობით გაერთიანდა ინდოეთში არსებული სატელევიზიო, სტრიმინგული აქტივები და Disney-სთან თანამშრომლობით შეიქმნა 8,5 მილიარდი დოლარის აქტივების მფლობელი გიგანტი კომპანია, რომელმაც არა მხოლოდ 120 სატელევიზიო არხსა და 2 სტრიმინგულ პლატფორმაზე დაამყარა კონტროლი, არამედ Disney-ს პროდუქციის ინდოეთში დისტრიბუციის ექსკლუზიური უფლებაც მოიპოვა.
ახალი კომპანიის დირექტორთა საბჭოს მუკეშის მეუღლე - ნიტა ამბანი ჩაუდგა სათავეში, რომელიც მანამდეც აქტიურად იყო ჩაბმული ოჯახურ ბიზნესში. სწორედ ნიტამ დააარსა Reliance Industries-ის საქველმოქმედო განყოფილება Reliance Foundation, რომელიც ნაკლებად შეძლებულ ახალგაზრდა ინდოელებს ეხმარება საზღვარგარეთ განათლების მიღებაში.
* * *
აღსანიშნავია, რომ სხვა მილიარდერებისგან განსხვავებით, რომლებიც მსოფლიოს თითქმის ყველა მსხვილ ქალაქში ფლობენ უძრავი ქონებას, ამბანის ოჯახს მხოლოდ ერთი სახლი აქვს მუმბაის ცენტრში, ერთ-ერთ ყველაზე რესპექტაბელურ კვარტალში, თუმცა ინდოელი ბიზნესმენის აპარტამენტები, რომელიც 50-70 მილიონ დოლარადაა შეფასებული დიდი ხანია იქცა ლეგენდად.
27-სართულიანი შენობა, რომელმაც "ანტილიას" სახელი შეიძინა, 122 ათასი კვადრატული კილომეტრის ფართობზე მდებარეობს, მისი სიმაღლე კი, 173 მეტრს აღწევს. უნიკალური არქიტექტურის ნაგებობაში, რომელიც ქალაქის ნებისმიერი წერტილიდან კარგად ჩანს, ნებისმიერი მომსახურების მიღება შეიძლება - კერძო სპა-სალონით დაწყებული, ვერტმფრენის ასაფრენი მოედნით დასრულებული. ამასთანავე, ორიგინალური არქიტექტურით ნაშენი სახლის ყოველ სართულს ტერასები აქვს, ამიტომ საერთო ჯამში მისი სიმაღლე სტანდარტული კონსტრუქციის 60-სართულიანი შენობის სიმაღლეს აღწევს.
ამბანის ოჯახის საკუთრებაა 15 კვადრატული მეტრის გამწვანებული ტერიტორიაც სახლის გარშემო, რომელიც თავისი სკულპტურული შედევრებით - სხვადასხვა ზომის ქანდაკებებით, შადრევნებითა და დასასვენებელი ზონების დეკორაციებით, მუზეუმს უფრო ჰგავს ღია ცის ქვეშ, ვიდრე ჩვეულებრივ საცხოვრებელ სახლს.
თუმცა, მსოფლიოში ყველაზე მასიური საცხოვრებელი სახლის მფლობელ ამბანის არა მხოლოდ სოლიდური უძრავი ქონება, არამედ ავტომობილების უნიკალური კოლექციაც აქვს. ბიზნესმენს ყოველთვის ხიბლავდა ძვირადღირებული მანქანები, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მის ავტოფარეხში 170-მდე რარიტეტული ავტომობილია დაბინავებული. მეტიც, ამბობენ თითქოს სახლის რამდენიმე სართული სრულად დაეთმოთ ავტომექანიკოსებს და რესტავრატორებს, რომლებიც ბიზნესმენის მეთვალყურეობით და საოცარი სკრუპულოზურებით აღადგენენ და აწესრიგებენ მის საყვარელ "სათამაშოებს".