* კრის მარტინი და ჯგუფი Coldplay -
21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულმა მუსიკოსმა კრის მარტინმა, რომელიც თითქმის 20 წელია ხელმძღვანელობს პოპულარულ ჯგუფს Coldplay-ის, არა მხოლოდ საკუთარი მუსიკალური შესაძლებლობების, არამედ პიროვნული თვისებების წყალობითაც დაიმსახურა პუბლიკის პატივისცემა, რადგან მელომანებმა კრის მარტინი ბრიტანული შოუბიზნესის ერთ-ერთ ყველაზე ინტელიგენტ და პოზიტიურ წარმომადგენლებად დაასახელეს.
* * *
კრისტოფერ ენტონი ჯონ მარტინი 1977 წლის 2 მარტს დაიბადა დევონის საგრაფოს ქალაქ ექსეტერში რიგითი ბუხჰალტრისა და მუსიკის მასწავლებლის ოჯახში. სხვათა შორის, მარტინი მე-19 საუკუნის ცნობილი ბრიტანელი მეწარმის უილიამ უილეტის შთამომავალია, რომელიც აქტიურად უწევდა პროპაგანდას ე.წ. ზაფხულის დროის შემოღებას ბრიტანეთში, რაც მისი აზრით ელექტროენერგიის დაზოგვასა და დღის ნათელი პერიოდის ბევრად რაციონალურად გამოყენებას შეუწყობდა ხელს.
* * *
მართალია, მარტინი, რომელიც იშვიათი პატივისცემით გამოირჩევა უფროსი კოლეგების მიმართ, ყოველთვის ღიად და დაუფარავად ამბობს, რომ ძალიან ბევრმა მუსიკოსმა მოახდინა გავლენა მისი შემოქმედების ფორმირებაზე, მაგრამ საყვარელ ჯგუფად მაინც ირლანდიურ კოლექტივს U2-ს და მის ლიდერს ბონოს მიიჩნევს, რომელმაც არა მხოლოდ მისი მუსიკალური გემოვნება, არამედ სოციალურ-პოლიტიკური შეხედულებებიც განსაზღვრა. სხვათა შორის, 2014 წელს, სწორედ მარტინს ერგო პიტერ გაბრიელის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის პატივი, როცა სიტყვით გამოვიდა საზეიმო ღონისძიებაზე და საოცარი მოწიწება, პატივისცემა გამოხატა ლეგენდარული მუსიკოსის მიმართ.
* * *
მუსიკალურ ნიჭთან ერთად მარტინს სხვა უნიკალური შესაძლებლობებიც აღმოაჩნდა. მუსიკოსი ამბიდექსტერია ანუ ერთნაირად კარგად იყენებს ორივე ხელს - მარჯვენათი წერს, მარცხენით კი, ხატავს. ამასთანავე, მარტინს არა მხოლოდ ესმის ბგერები, არამედ მათი დანახვა და შეგრძნებაც შეუძლია.
* * *
2003 წელს მარტინმა ჰოლივუდის ცნობილ მსახიობზე გვინეტ პელტროუზე იქორწინა. წყვილის განცხადებით მათი რომანი ერთის მხრივ, საერთო ინტერესებმა, მეორეს მხრივ, მარცხიანმა რომანტიკულმა გამოცდილებამ განსაზღვრა. პელტროუს არც ბრეტ პიტთან, არც ბენ აფლეკთან ურთიერთობაში არ გაუმართლა, მარტინი კი, მისივე აღიარებით, მუსიკალური კარიერის დაწყებამდე ნაკლებად იყო ქალბატონების ყურადღებით განებივრებული, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ უიღბლო ურთიერთობით განცდილი ემოციები, მორცხვობა და დაკარგული თვითრწმენა მარტინმა ადრეული შემოქმედების მთავარ თემად აქცია.
მართალია, მარტინისა და პელტროუს ქორწინება ყველას იდეალურად მიაჩნდა, მით უფრო, რომ წყვილს ორი შვილი შეეძინა, მაგრამ 2014 წელს მეუღლეებმა მაინც დაშორება გადაწყვიტეს. მოგვიანებით მარტინმა კიდევ ერთ ჰოლივუდელთან ჯენიფერ ლოურენსთან გააბა რომანი, თუმცა რამდენჯერმე დაშორებისა და შერიგების შემდეგ, საბოლოოდ დაასრულა ურთიერთობის მსახიობთან.
სხვათა შორის, ცნობილი კომპოზიციის Everglow-ის ჩაწერისას, რომელიც მოგვიანებით ალბომში A Head Full of Dreams-ში შევიდა ბექ-ვოკალის პარტია გვინეტ პელტროუმ შეასრულა. მართალია, წყვილი ჯერ კიდევ ერთად იყო, მაგრამ საჯაროდ ჰქონდა განცხადებული დაშორების შესახებ, ამიტომ სიმღერამ ერთგვარი უნიკალურობა შეიძინა, რადგან კომპოზიცია საყვარელი ადამიანების დაშორებაზე, ყოფილმა მეუღლეებმა ერთად შეასრულეს.
* * *
უცნაურია, მაგრამ პოპულარობის მიუხედავად, მუსიკოსი ყოველთვის თავისუფლად გადაადგილდება ბრიტანეთის ქალაქებში, რადგან ადგილობრივები ვერასდროს ცნობენ. მეტიც, ჯგუფის Arcade Fire-ის ერთ-ერთ კონცერტზე მარტინი ჩონჩხის ნიღბით წარსდგა პუბლიკის წინაშე დიჯეის როლში და საიმედოდ შენიღბულმა კონცერტის ბოლომდე შეინარჩუნა ანონიმურობა, ლონდონის ცნობილ O2 Arena-ზე მისვლამდე კი, სადაც თავად მართავდა კონცერტს ჯგუფთან ერთად, მეტროთი იმგზავრა Coldplay-ის ფანების კომპანიაში, რომლებიც მთელი გზა აღფრთოვანებით საუბრობდნენ ჯგუფზე და მოუთმენლად ელოდნენ კონცერტის დაწყებას, თუმცა საკუთარი კერპი, რომელიც მათთან ერთად მგზავრობდა, მაინც ვერ იცნეს.
* * *
მარტინის მტკიცებით, კომპოზიცია 'Til Kingdom Come ალბომიდან X&Y სპეციალურად ორგანიზებული კონცერტისთვის დაწერა, რადგან ჯონი კეშთან დუეტში უნდა შესრულებულიყო, თუმცა ლეგენდარული მუსიკოსი, რომელსაც ხშირად "ადამიანს შავებში" უწოდებდნენ, მანამდე გარდაიცვალა და კონცერტმაც დაკარგა აქტუალურობა.
კომპოზიციამ Amsterdam-მა ალბომიდან Rush Of Blood To The Head კი, სახელის წყალობით გამოიწვია მელომანების დაბნეულობა. სინამდვილეში, შინაარსობრივად სიმღერას არაფერი აკავშირებს ჰოლანდიის დედაქალაქთან და მხოლოდ იმიტომ შეიძინა ამგვარი სახელი, რომ ამსტერდამში შეიქმნა.
საკმაოდ რთული აღმოჩნდა ვიდეოს გადაღება კომპოზიციაზე The Scientist, რომელიც უკუღმა - უკნიდან წინაა გადაღებული. მარტინს არა მხოლოდ ხანგრძლივი ვარჯიში და მოძრაობების დახვეწა მოუწია, არამედ ფონეტიკის სპეციალისტთანაც გაიარა კონსულტაცია მიმიკისა და ტუჩების სწორი მოძრაობის შემუშავებისა და მაქსიმალურად დამაჯერებელი ილუზიის შესაქმნელად.
* * *
კოლეგების მსგავსად მარტინიც აქტიურადაა ჩაბმული საქველმოქმედო საქმიანობაში. 2014 წელს შონ პენის მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო აქციაზე მუსიკოსმა 657 ათას დოლარად შეიძინა ინკოგნიტო ბრიტანელი მხატვრის ბენქსის ცნობილი ნამუშევარი, რომელზეც პლასტირებით დაწებებული გულის ფორმის საჰაერო ბურთია გამოსახული. მსგავსი შენაძენით მარტინმა ორმაგად იხეირა, რადგან ერთის მხრივ, პოპულარული მხატვრის ნამუშევარი შეიძინა, მეორეს მხრივ კი, კეთილი საქმე გააკეთა და მიწისძვრით დაზარალებული ჰაიტის მოსახლეობას დაეხმარა.