სასამართლომ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლე კობა ჩაგუნავას გადაწყვეტილებით, დეკანოიძეს ადმინისტრაციული სახდელის სახით 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებდა, რომ აქციაზე ხალხის ის ოდენობა არ იყო, რაც ჭავჭავაძის გამზირის სავალ ნაწილს გადაკეტავდა.
შსს-ს წარმომადგენლის განმარტებით, არსებობს ვიდეომასალა, რომელზეც აღბეჭდილია, თუ როგორ შეექმნათ მოქალაქეებს გადაადგილების პრობლემა და როგორ შევიდა ხატია დეკანოიძე კონფლიქტში იმ მოქალაქეებთან, რომლებიც ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ და მოუწოდებდა, რომ სხვა გზით წასულიყო.
ხატია დეკანოიძის ადვოკატი, ირაკლი აბესაძე კი განმარტავდა, რომ საქმე აბსურდული და უშინაარსო იყო. აბესაძის განცხადებით, შსს მოქალაქეებს უდაბლესი სტანდარტით უდგება და ამ უდაბლეს სტანდარტსაც კი არ აკმაყოფილებს ის მტკიცებულება, რაც უწყებას აქვს წარმოდგენილი.