* Guns N’Roses-ის რეკორდები -
ამერიკული როკ-ჯგუფის Guns N’Roses-ის მუსიკოსებმა, რომელთაც 1990-იან წლებში მოიპოვეს პოპულარობა, უზარმაზარი გავლენა მოახდინეს მუსიკასა და მთლიანად ამერიკულ კულტურაზე, რადგან როკ-შემსრულებლებზე შექმნილი ყველა სტერეოტიპის დამსხვრევით, არა მხოლოდ "ახალი თაობის" თავისუფლების მოყვარე ბუნტისთავების სტატუსი შეიძინეს, არამედ უამრავი ახალი რეკორდი დაამყარეს.
* * *
Guns N’ Roses-ის სადებიუტო ალბომი Appetite For Destruction, რომელიც სამ კვირაში ჩაიწერა და 1987 წელს გამოვიდა, თითქმის 40 წლის შემდეგაც კომერციულად ყველაზე წარმატებულ სადებიუტო ალბომად ითვლება. პესიმისტური მოლოდინის მიუხედავად, ნაკრები არა მხოლოდ Bilboard 200-ის ლიდერი გახდა, არამედ 18-ჯერ მოიპოვა პლატინის სტატუსი. დღეს Appetite For Destruction, რომელიც 30 მილიონი ასლით გაიყიდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მე-11 პოზიციას ინარჩუნებს "ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი ალბომების" რეიტინგში.
* * *
ჯგუფის ლიდერის აქსელ როუზის ვოკალური დიაპაზონი, რომელიც ყველაზე მაღალია კოლეგებს შორის, თითქმის ექვს ოქტავას შეადგენს. მეტიც, მუსიკოსს ერთის მხრივ, ბარი უაითზე დაბალი ბარიტონი აქვს, მეორეს მხრივ, ტინა ტერნერზე, ადელსა და ბიონსეზე მაღლა შეუძლია ნოტების აწევა.
* * *
კომპოზიცია Sweet Child O’Mine ალბომიდან Appetite For Destruction, ჯგუფის ერთადერთი სინგლია, რომელმაც Billboard-ის ჩარტის ლიდერობა მოიპოვა და დღემდე Guns N’ Roses-ის შედევრად ითვლება. მეტიც, 1988 წელს მუსიკალური არხი MTV, რამდენიმე თვის მანძილზე პრაქტიკულად საათში ორჯერ უშვებდა ვიდეოს მაყურებლის მოთხოვნით.
კომპოზიციის ტექსტი თავად როუზიმ დაწერა იმ რომანტიკული წერილის მოტივებზე, რომელიც მომავალ მეუღლეს დონა ევერლის მისწერა. სხვათა შორის, დონა ცნობილი კოლექტივის Everly Brothers-ის ერთ-ერთი წევრის - ერინ ევერლის ქალიშვილია.
აღსანიშნავია, ჯგუფის გიტარისტის სლეშის (სოლ ჰადსონის) შესავალი რიფიც (ორი ან ოთხტაქტიანი განმეორებადი ფრაზა), რომელიც წლების მანძილზე ლიდერობდა გიტარის საუკეთესო როკ-პარტიების რეიტინგში, 2024 წელს, ჟურნალ Total Guitar-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად კი, სლეშის დაკრული მუსიკის ისტორიის საუკეთესო გიტარის რიფად იქცა. მართალია, კომერციულმა რადიოებმა და ტელეარხებმა სწორედ გიტარის სოლო პარტიის ხარჯზე შეამოკლეს სიმღერა, მაგრამ მელომანებმა მაინც შეძლეს მისი ჯეროვნად დაფასება.
* * *
ჯგუფის ცნობილი ტურნე Use Your Illusion Tour, რომელიც ალბომების Use Your Illusion I და Use Your Illusion II-ის მხარდასაჭერად მოეწყო, 1991 წლის იანვრის ბოლოს დაიწყო და 1993 წლის ივლისის თვეში დასრულდა. საერთო ჯამში ტურნემ 194 კონცერტი გააერთიანა 27 ქვეყანაში და ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ საგასტროლო ტურად იქცა როკ-მუსიკის ისტორიაში, მით უფრო, რომ 2,5 წლის მანძილზე 7 მილიონზე მეტი მაყურებელი დაესწრო Guns N’ Roses-ის გამოსვლებს, რომელთა შორის ყველაზე ხანგრძლივი ლოს-ანჯელესში მოწყობილი 3,5-საათიანი შოუ აღმოჩნდა.
ტურნეში მუსიკოსებს უზარმაზარი ტექნიკური ჯგუფი ახლდა თან 80 ადამიანის შემადგენლობით, რომელმაც მოგვიანებით ჟურნალ Performance-ის პრიზი და საუკეთესო გუნდის წოდება მიიღო, თუმცა ტურნეს დროს Guns N’ Roses მისმა ერთ-ერთმა შემქმნელმა, გიტარისტმა იზი სტრედლინმა დატოვა, რომელსაც გავრცელებული ხმებით როუზისთან მოუვიდა სერიოზული კონფლიქტი.
* * *
Guns N’ Roses-ის საკონცერტო მოღვაწეობის ერთ-ერთ მთავარ თავისებურებად კონცერტების გადადება ან დაგვიანებით დაწყება იქცა. მეტიც, ჯგუფმა ერთგვარი რეკორდიც კი დაამყარა, რადგან უჩვეულო ტრადიციად აქცია კონცერტების სულ მცირე ერთსაათიანი დაგვიანებით დაწყება. პრესა ხშირად ადანაშაულებდა როუზის პუბლიკის უპატივცემულობასა და არეულობის პროვოცირებაში, რადგან კონცერტის მოლოდინით მოქანცული მელომანები არა უბრალოდ ქაოსს აწყობდნენ, არამედ ხელჩართულ ბრძოლაშიც ებმებოდნენ.
სინამდვილეში, ბრალდება უსაფუძვლო აღმოჩნდა, რადგან როუზი არასდროს ფიქრობდა აჟიოტაჟის მოწყობაზე. პირიქით, მისთვის მთავარი გამოსვლისთვის სრულყოფილად მომზადება და კონცერტის უმაღლეს დონეზე გამართვა იყო. მეტიც, ჯგუფის მენეჯერის მტკიცებით, ექსელი უამრავ პროცედურას ატარებდა ხმის იოგებზე და საათობით ვარჯიშობდა იდეალური ჟღერადობის მისაღწევად.
* * *
კომპოზიცია November Rain ალბომიდან Use Your Illusion I, რომელიც 8 წუთი და 57 წამი გრძელდება, ყველაზე გრძელი სიმღერაა Billboard-ის სინგლების საუკეთესო ათეულის ისტორიაში. აღსანიშნავია, რომ კომპოზიციის შექმნაზე როუზი მთელი 9 წელი მუშაობდა, პირველად კი, 1983 წელს შეასრულა, თუმცა არა Guns N’ Roses-ის, არამედ მისი წინამორბედის L.A. Guns-ის რეპეტიციაზე. თავიდან არც სლეშს, არც დაფ მაკკაგანს არ სურდათ სიმღერის ჩაწერა, რადგან ჩათვალეს, რომ ბალადა საორკესტრო შესრულებით ნაკლებად მისაღები და ზედმეტად რთული იქნებოდა მელომანებისთვის, თუმცა მოგვიანებით, სწორედ November Rain იქცა ჯგუფის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად და ერთგვარ სავიზიტო ბარათად.
* * *
კლიპმა კომპოზიციაზე Estranged, რომელიც ალბომში Use Your Illusion II შევიდა, როკ-მუსიკის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ვიდეოს სტატუსი შეიძინა და როკ-კომპოზიციაზე შექმნილი ერთადერთი კლიპი გახდა, რომელიც ყველაზე ძვირადღირებული მუსიკალური ვიდეოების ათეულში მოხვდა. Estranged-ის ვიდეოს ბიუჯეტმა 7 მილიონ დოლარს გადააჭარბა, მე-6 პოზიციით შევიდა ნუსხაში და მხოლოდ მადონას სამ და მაიკლ ჯექსონის ორ კლიპს ჩამორჩა.
ყველაზე ძვირადღირებული როკ-ალბომის სტატუსი კი, Chinese Democracy-მ მოიპოვა, რომელიც ჩაწერას 10 წელი და 13 მილიონი დოლარი დასჭირდა. მართალია, ალბომი მეორე და მესამე პოზიციებით დაწინაურდა ბრიტანულ და ამერიკულ ჩარტებში, მაგრამ სამუდამოდ აიკრძალა ჩინეთში, სადაც Guns N’ Roses-ის ნამუშევარი ზედმეტად გამომწვევად და პროვოკაციულად მოეჩვენა ცენზურას.