უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსებმა ქვეყნის ტერიტორიაზე 181 დრონი და 4 რაკეტა გაუშვეს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით ისკანდერ-მ 23 ტიპის 3 ბალისტიკური რაკეტა, ერთი S-300-ის ტიპის საზენიტო მართვადი რაკეტა და 181 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 115 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 55 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა. ამავე ცნობით, მტრის თავდასხმის შედეგად კიევის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის და ოდესის ოლქები დაზარალდა. უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები მათ შორის, ხარკოვის, სუმის, კიევის, დონეცკის, მიკოლაივისა და ოდესის ოლქებში გაანადგურეს.